skip to main | skip to sidebar
საქართველოს ეკლესია-მონასტრები
RSS

სიონი

1коммент.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის
(სიონის) საკათედრო ტაძარი

ისტორიული ცნობები: მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე სიონის საკათედრო ტაძრის მშენებლობა VI საუკუნეში ქართლის ერისმთავრის გუარამ კურაპალატის დროს დაიწყო და VII საუკუნის 20-იან წლებში ადარნასეს ერისმთავრობისას დასრულდა. ტაძარი საქართველოს მტრებს ბევრჯერ დაურბევიათ, ამიტომ იგი რამდენიმე სამშენებლო ფენისაგან შედგება. 1226 წელს ხვარაზმის შაჰმა ჯალალ-ედ-დინმა თბილისი აიღო. მისი ბრძანებით სიონის გუმბათს თავი მოხადეს და იქ მისი ტახტი დადგეს. ამ ტახტზე მჯდარი ადევნებდა იგი თვალს იმ ქართველებს, რომელთაც არ შეურაცხყვეს სიონის ტაძრიდან გამოტანილი და მეტეხის ხიდზე დასვენებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. იმ დღეს ასი ათასზე მეტი ქართველი ეწამა ქრისტესთვის.

XIV საუკუნის ბოლოს თემურ-ლენგმა დაარბია სიონის ტაძრის შენობა, რომელიც XV საუკუნეში განაახლეს.
1522 წელს შაჰ-ისმაილმა სიონის ღვთისმშობლის ძვირფასი თვლებით შემკული ხატი გაძარცვა და შემდეგ მტკვარს მისცა. კახეთის მეფემ ლეონ მეორემ ხატი იპოვა, შეამკო და კვლავ სიონში დააბრძანა. შემდეგ იყო შაჰ-თამაზისა და შაჰ-აბასის შემოსევები.

1675 წელს ეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა სიონს სამხრეთის მხრიდან მცირე სამლოცველო მიაშენა და ტაძარს ახალი გუმბათი დაადგა. 1710 წელს ვახტანგ VI ტაძრის გარეთა კედლები და გუმბათის დოლურა ბოლნისის ტუფის ქვით მოაპირკეთა. ამ მოვლენას გვაუწყებს ჩრდილოეთის ფასადის წარწერა.

1724 წელს კახეთის მაჰმადიანმა მეფემ ალი-ყული-ხანმა გაიტაცა სიონის ღვთისმშობლის ხატი. შემდეგ სიონი ლეკებმა გაძარცვეს. 1726 წელს თურქეთის სულთანმა თბილისის მმართველს ისაყ-ფაშა ახალციხის რაიონის მეჩეთად გადაკეთება უბრძანა.

თბილისის მიტროპოლიტ დომენტი ორბელიანისა და სასულიერო პირთა თხოვნით თავადმა გივი ამილახვარმა თავისი გავლენა გამოიყენა და დიდძალი ძღვენის ფასად ფაშისაგან ტაძრის ხელუხლებლობის პირობა მიიღო. მადლიერი სამღვდელოება 1795 წლამდე ყოველწლიურად, თომას კვირიაკეს შაბათს წირვას აღავლენდა გივი ამილახვრისა და მისი შთამომავლობის სახელზე. 1899 წელს ეს კეთილი ტრადიცია კვლავ აღადგინეს.

საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მმართველმა თავადმა ციციანოვმა სიონის ტაძარს „რემონტი“ ჩაუტარა, 1803 წელს ეკლესია მოიხატა. XIX საუკუნის 50-იან წლებში თავადმა გრიგოლ გაგარინმა სიონი ახლიდან მოხატა.
1867 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ განახლებული სიონის ტაძარი აკურთხა და საღვთო ლიტურგია აღასრულა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების შემდეგ ინტენსიურად წარიმართა სიონის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები (პროექტის ავტორი: არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე).

არქიტექტურა: სიონის ტაძარი თავისი გეგმით განვითარებული შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ნიმუშია. იგი ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა აღმოსავლეთით გამოშვერილი წახნაგოვანი აფსიდებით. გუმბათი ყელითურთ დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ჯვარისებური კვეთის სვეტსა და საკურთხევლის კედლებს ეყრდნობა. ტ.კიპაროიძემ შეადგინა ტაძრის სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარიბჭეთა პროექტი (აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთის კარიბჭის ნაკვალევი აღმოაჩინეს სარესტავრაციო სამუშაოების წარმოების დროს). 1983 წელს დასრულდა მშენებლობა. სამხრეთ მინაშენში მოეწყო წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, ხოლო ჩრდილოეთ მინაშენში - ვახტანგ გორგასლის სახელობისა. კანკელის ავტორი ასევე ტ. კიპაროიძეა. გუმბათზე დაიდგა ახალი ჯვარი.

სამრეკლო: სიონის საკათედრო ტაძარს ორი სამრეკლო აქვს. გალავნის შიგნით, ტაძრის ჩრდილოეთით მდებარე სამრეკლო 1725 წლით თარიღდება. მისი ზემო ნაწილი აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს დაინგრა და აღდგენილია უკანასკნელ წლებში ტარიელ კიპაროიძის ხელმძღვანელობით.

ტაძრის დასავლეთით, ქუჩის მეორე მხარეს აღმართული სამიარუსიანი, შპილით დაგვირგვინებული სამრეკლო აგებულია 1812 წელს, პეტერბურგიდან გამოგზავნილი პროექტის მიხედვით და თბილისში რუსული კლასიციზმის პირველ ნიმუშს წარმოადგენს.

ხატები და სიწმინდეები: თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ინახება ჯვარი ვაზისა, რომელიც ქართველთა განმანათლებელს, წმიდა ნინოს იერუსალიმში ღვთისმშობელმა გადასცა. ცენტრალური ტაძრის კანკელის სამხრეთით, კედელში წმიდა თომა მოციქულის თავის ქალა ასვენია. ტაძარში ინახება წმიდა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი სასწაულმოქმედი მადლის ქვა. სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს სახელოვანი შვილები, მეფეები და კათოლიკოს-პატრიარქები განისვენებენ. სწორედ აქაა დასაფლავებული წმიდა მღვდელმთავარი იოანე მანგლელი, კათოლიკოს-პატრიარქი წმიდა ამბროსი (ხელაია).
სიონის ხატებიდან ყურადღების ღირსია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და სიონის ღვთისმშობლის, წმიდა ბარბარეს, წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, „საქართველოს ეკლესიის დიდების“, წმიდა სერაფიმე საროველის ხატები.


08:11



მამადავითი

0 коммент.

მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია

ისტორიული ცნობები: მამადავითის ეკლესიის ისტორია VI საუკუნიდან იწყება. თბილისის დასავლეთით აღმართული მთის ფერდობზე, კლდეში, სენაკი გამოუკვეთია მამა დავით გარეჯელს და მის ახლოს პატარა სამლოცველოც გაუმართავს. აქვე მოედინება წყარო, რომელიც მამა დავითს ლოცვით გამოუთხოვია უფლისთვის სნეულთა განსაკურნებლად. მამა დავითი მალე წავიდა თბილისიდან, მაგრამ ქალაქის მკვიდრთ მისდამი მოწიწება და სიყვარული დიდხანს არ განელებიათ, ამიტომაც უსახელო მთას მამადავითი უწოდეს.

მამადავითის პირველი ეკლესიის შესახებ მატიანეს ზუსტი ცნობები არ შემოუნახავს. ცნობილია, რომ IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა. ამიტომაც, ათონის მთის მსგავსად, მამადავითის მეორე სახელი - მთაწმინდა დაერქვა.

დამპყრობლებმა საუკუნეთა მანძილზე არაერთგზის დაანგრიეს ეკლესია, მაგრამ ღირსი დავითის ლოცვის მეოხებით მთის ეს ფერდობი უკვე უფლის მადლით იყო ცხებული, ამიტომაც იოლად აღდგებოდა ხოლმე ნანგრევებიდან ბარბაროსთა უგუნურების მსხვერპლი.

XVI საუკუნეში ათონის მთიდან ჩამოსულმა ორმა ბერმა, დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებმა, დაზიანებული ეკლესიის ადგილას ღვთისმშობლის სახელზე მონასტერი ააგეს და ახალ ტაძარს მთაწმინდის ძირას მდებარე მიწები შესწირეს. ქართველი მეფენი და დიდებულნი დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ ამ მადლმოსილ ადგილს. ბერად აღკვეცილი ქართლის მეფე დავით X მამადავითის მთაზე ცხოვრობდა და აქვეა დაკრძალული. აქ გარდაიცვალა რუისის ეპისკოპოსი ნიკოლოზიც, რომელმაც ხანდაზმულობის გამო უარი თქვა ეპარქიის მართვაზე და მთაწმინდაზე დასახლდა.

შვილის დაკარგვით დამწუხრებული მეფე ერეკლე II ერთხანს ამ მონასტერში ცხოვრობდა და ქვეყანას აქედან მართავდა. აქაურობა უყვარდა საქართველოს უკანასკნელ მეფეს გიორგი XII-საც, მონასტრის შეკეთებაც განუზრახავს, მაგრამ აღარ დასცალდა.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, XVIII საუკუნის ბოლოს მონასტერი მიტოვებული და გაჩანაგებული ყოფილა. არემარე ისეთ ხშირ ჯაგნარს დაეფარა, რომ მლოცველებს თურმე მასთან მიახლოებაც უჭირდათ.

რუსეთის იმპერიასთან შეერთებამ ბოლო მოუღო თბილისში მუსლიმან დამპყრობელთა თარეშს. დედაქალაქმა გაუთავებელი ომებისა და სისხლისღვრისგან ამოისუნთქა და იარების მოშუშებას შეუდგა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ჯერ გაუქმებული არ იყო. კათოლიკოსმა ანტონ II-მ ყურადღება მიაქცია მამადავითის დანგრეულ ტაძარს და მისი აღდგენა ქაშუეთის მღვდელს თომა გრიგორიევს დაავალა. მამა თომა გულისხმიერებით მოეკიდა საქმეს და უკვე ერთი წლის შემდეგ, 1810 წელს, თბილისელთა შემოწირულობებით აიგო ტაძარი „სახელსა ზედა ღირსისა მამისა დავით გარეჯელისასა“. ეკლესია აგურით იყო ნაშენი და უგუმბათო ხის სახურავი ჰქონდა. კათოლიკოს ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით, ეკლესია ფერისცვალების სახელზე აკურთხა არქიმანდრიტმა ტრიფოლიმ. სახელი შემთხვევით არ შეურჩევიათ - გარეჯის უდაბნოში ღირსი მამა დავითი სწორედ ფერისცვალების მონასტერშია დაკრძალული.

კავკასიის მთავარმმართებლის ალექსანდრე ერმოლოვის ბრძანებით ეკლესიისაკენ მიმავალი გზა მესანგრეებმა ბუჩქრანისაგან გაწმინდეს და გააფართოვეს. ეკლესიის ეზო ქვის გალავნით შემოღობეს და შიგნით მცირე ზომის სამრეკლო ააგეს.

ასეთი სახით ეკლესიამ 1857 წლამდე იარსება. იმ დროს თბილისში დიდი ყურადღება ექცეოდა ქალაქის არქიტექტურას. შეკეთდა და აშენდა მრავალი ტაძარი. გადაწყდა, მთაწმინდაზეც უფრო დიდი და მოხერხებული ეკლესია აეგოთ. თომა გრიგორიევის ვაჟმა იოსებმა მრევლში მშენებლობისთვის ფულის შეგროვება დაიწყო. ძველი ეკლესია დაშალეს და 1859 წელს ჩაყარეს ახალი ტაძრის ბალავარი.

ქალაქის მცხოვრებლები ფულითაც ეხმარებოდნენ მშენებლობას და ფერდობზე საშენი მასალის აზიდვაშიც მონაწილეობდნენ. მიუხედავად ამისა, მშენებლობა სახსრების ნაკლებობის გამო დიდხანს გაგრძელდა. უფულობის გამო კანკელი ანჩისხატის ეკლესიიდან წამოიღეს. ახალი ტაძარი წმინდა დავით გარეჯელის სახელზე მხოლოდ 1871 წელს აკურთხა საქართველოს მაშინდელმა ეგზარქოსმა ევსევიმ. იმ დროს ეკლესიას გუმბათი ჯერ კიდევ არ ჰქონდა. იგი ექვსი წლის შემდეგ დაადგა იოსებ დეკანოზმა, ხოლო კიდევ ორი წლის შემდეგ კედლებიც მოხატეს.

მოგვიანებით, XX საუკუნის დასაწყისში, ძველი სამრეკლოს ადგილას ფერისცვალების პატარა ეკლესიაც აიგო.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ეკლესიის ეზოში უკვე იყო დასაფლავებული რამდენიმე ღირსეული მამულიშვილი, 1915 წელს კი, აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეებში, დაიბადა აზრი, რომ მთაწმინდაზე ერის წინაშე განსაკუთრებით ღვაწლმოსილ პიროვნებათა სასაფლაო მოეწყოთ. 30-იან წლებში დიდუბიდან გადმოასვენეს მრავალი ძვირფასი ადამიანის ნეშტი და აქ ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი დაარსდა.

ყოველ წელიწადს, წმინდა დავით გარეჯელის გარდაცვალების დღეს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, თბილისში მამადავითობა აღინიშნებოდა. იგი თბილისელთა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული იყო. დილაადრიან იწყებოდა მთაწმინდისაკენ ხალხის საზეიმო სვლა. მლოცველები მამადავითის ეკლესიას ფეხშიშველნი სამჯერ უვლიდნენ გარს. ზეიმის დროს ქალაქის ახლომახლო სოფლებიდანაც ჩამოდიოდნენ ღამისმთევლები. დღესასწაული გვიან ღამემდე გრძელდებოდა.

მამადავითობის ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი და დღესასწაული ყოველ წელიწადს იმართება.

არქიტექტურა: ტაძრის სიმაღლე (ჯვრიანად) 25,7 მეტრია, სიგრძე - 17,2, სიგანე - 10,7 მეტრი. შენობაში, მგალობელთა გუნდის ჩათვლით თავისუფლად ეტევა 400 კაცი. შენობა არ გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით. მასში ქართული ორნამენტი ერთობ მიჩქმალულია, მაგრამ გუმბათს, ყელს, პირამიდულ სახურავს და გვერდითი ფასადის ფრონტონს ქართული ხუროთმოძღვრების ელფერი დაჰკრავს. დღეისათვის მთაწმინდის ფერდობზე ერთმანეთის გვერდით დგას მამა დავითის დიდი და ფერისცვალების პატარა ეკლესიები. მამა დავითის ტაძარი თავდაპირველად უგუმბათო იყო, 1877 წელს დეკანოზმა იოსებ გრიგორიევმა ეკლესიის შენობა გუმბათით დააგვირგვინა.

ტაძრის მახლბლად მდებარეობს მამა დავით გარეჯელის სენაკი, აგრეთვე საკურნებელი თვისებების მქონე წყარო.

ხატები: 1889 წელს დეკანოზმა იოსებ გრიგორიევმა ტაძრის კედლები მოახატვინა. ფრესკათა უმეტესობა საქართველოს ეკლესიის წმიდანთა ცხოვრებას ასახავს. ტაძრის სატრაპეზოს კედელზე წარმოდგენილია იესო ქრისტეს მოციქულთა ფრესკები. საკურთხევლის ორივე მხარეზე მარჯვენა და მარცხენა კედლებზე მოთავსებულია ღირსი დავით გარეჯელისა და წმიდა ნიკოლოზის ხატები. ტაძარს ამშვენებს XIX საუკუნის რუსული ხატები, ასევე თანამედროვე - ათორმეტი საუფლო დღესასწაულის ხატები, მარიამ მაგდალინელი, ღვთისმშობლის ხატი „წყარო ცხოვრებისა“, ადამისა და ევას ხეში ნაკვეთი ხატი.


08:11



მეტეხი

0 коммент.

მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი

ისტორიული ცნობები: ნ. ჩუბინაშვილის აზრით, სიტყვა „მეტეხი“ ბერძნული „მეტოქისაგან“ წარმოსდგება, რაც ნიშნავს „ეპისკოპოსთა ან არქიმანდრიტთა დროებით სადგომს ეკლესიითურთ სხვის ეპარქიაში“. „მეტეხი“ გვხვდება XII საუკუნის ისტორიულ წყაროებში. ამ პერიოდში ხაზართაგან დანგრეული ძველი ტაძრის ნაცვლად, ღვთისმშობლის შობის სახელობის ახალი ტაძარი ააგეს. გადმოცემის თანახმად, ძველ ტაძარში წმინდა შუშანიკი ყოფილა დაკრძალული. თამარის ისტორიკოსის ბასილის ცნობით, როცა მეფეს ქართველთა ლაშქარი შამქორის ბრძოლაში გაუსტუმრებია, თავად ფეხშიშველი მოსულა მეტეხის ტაძარში და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისათვის საქართველო ცრემლებით შეუვედრებია. რუსუდანის მეფობისას მონღოლებმა დაანგრიეს მეტეხის ტაძარი. ეკლესიის შენობა, რომელიც ღვთიური მფარველობის ნიშნად დაჰყურებს თბილისს, წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულმა აღადგენინა და აქ მონასტერიც დააარსა. XV საუკუნის 30-იან წლებში აქ მოღვაწეობდა ცნობილი სასულიერო მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი). შარდენის ცნობით, XVII საუკუნის II ნახევარში მეტეხის ტაძარი მიტოვებული და დაზიანებული ყოფილა. 1661 წელს მეფე ვახტანგ V შაჰნავაზმა ტაძარი აღადგინა, მაგრამ თოფის წამლის საწყობად აქცია.

XVIII საუკუნის I ნახევარში მეტეხის ციხეში ჯერ თურქთა, შემდეგ სპარსთა გარნიზონი იდგა. 1748 წელს ერეკლე მეორემ მეტეხი ბრძოლით მოიპოვა, აღადგინა ეკლესია, შეაკეთა გუმბათი. ამ ფაქტს გვიდასტურებს ტაძრის აღმოსავლეთის კედელზე შემორჩენილი წარწერა. XIX საუკუნის შუა პერიოდში მეტეხის ტაძარი კვლავ შეუკეთებიათ.

ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ტაძარი უმოქმედოდ იყო. 1979 წლიდან აქ სპექტაკლებს მართავდა სახელმწიფო ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია.

1988 წლის მაისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ტაძარს ახალი ჯვარი დაადგეს და წირვა-ლოცვა განაახლეს. მორწმუნეებმა შეაკეთეს გაძარცვული ტაძრის კანკელი. 1992 წლიდან გარდაცვლილი შვილის სულის საოხად ტაძრის სარემონტო სამუშაოებში ჩაება მშენებელ-ინჟინერი ალექსანდრე ანთაძე.

არქიტექტურა: ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანია. მისი კედლების წყობა კლასიკურ ქართულ ტრადიციებს ემყარება და აგებულია თლილი მომწვანო-რუხი ქვით. ტაძრის გეგმა წარმოადგენს მართკუთხედს, რომლის შუაშიც გუმბათის საყრდენი ოთხი ბურჯია აღმართული. საკურთხევლის მხარეს განლაგებულია სამი ნახევრად ცილინდრული ფორმის აფსიდი. აღმოსავლეთის ფასადს დიდი ჯვარი და სარკმლის ქვემოთ ორი ნატიფად მოჩუქურთმებული რომბი ამშვენებს. ესაა სამთავისის ტაძრის ცნობილი სქემა.

საუკუნეთა მანძილზე ტაძრის არქიტექტურამ ბევრი ცვლილება განიცადა და მასში მკაფიოდ აღინიშნება სხვადსხვა ეპოქის კვალი: XIII საუკუნის ტაძრიდან შემორჩენილია აღმოსავლეთისა და ჩრდიოლოეთის კედლები კამარებამდე, დასავლეთის კედლის აღმოსავლეთი ნაწილი.

XVI-XVII საუკუნეებში აგურითაა აღდგენილი ოთხივე ბოძი, დასავლეთის პატრონიკე, კამარები და სხვა. ერეკლე მეფის დროსაა აღდგენილი სამხრეთი კედლის დიდი ნაწილი. არის XIX საუკუნის ფენებიც.

ხატები: ტაძარში ძირითადად ახლად შემოწირული ხატებია. შედარებით ძველი ხატებია: კანკელის მაცხოვარი და ღვთისმშობელი, ასევე წმ. ნიკოლოზი, წმ. გიორგი, ყაზანის ღვთისმშობელი. კანკელში მოთავსებულია ლაშა კინწურაშვილის მიერ დაწერილი ხატები ღვთისმშობლის შობისა (ესაა ტაძრის მთავარი ხატი და, საეკლესიო ტრადიციის თანახმად, კანკელის მარჯვენა მხარეს მდებარეობს) და აბო თბილელის, წმ. ნინოსი და წმ. შუშანიკისა. ტაძრის უმთავრეს სიწმინდეს წარმოდგენს წმ. შუშანიკის საფლავი. თავდაპირველად წამებული დედოფლის ცხედარი დაბა ცურტავში განისვენებდა. სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით, წმინდანის ნეშტი მეტეხის ტაძარში გადაასვენეს. ცნობილია, რომ თამარ მეფემ მოოქროვილი სამოსით შეამკო ნეტარი დედოფლის სხეული და განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას. ხატებიდან აღსანიშნავია წმიდა იობის, სვიმეონ მოციქულის, მთავარანგელოზთა, წმიდათა ზაბულონისა და სოსანას ხატი წმიდა ნინოსთან ერთად.

ტიპიკონი: წირვა-ლოცვა აღევლინება ყოველ შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე. ყოველ ოთხშაბათს იკითხება კვეთებულისა და ლახვრის ლოცვები. კვეთებულის ლოცვა განკუთვნილია სულიერი სალმობით შეპყრობილთათვის, ხოლო ლახვრის ლოცვა - ფიზიკურად სნეულთათვის. ამ ლოცვებს უკითხავენ ეკლესიურ მორწმუნეს, რომელიც ესწრება წირვა-ლოცვას, ამბობს აღსარებას, ეზიარება და მარხულობს. სულიერი და ფიზიკური განკურნება დამოკიდებულია ამ პირობის დაცვასა და, რა თქმა უნდა, თითოეული ქრისტიანის სარწმუნოებაზე. ცხადად სრულდება მაცხოვრის სიტყვები: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა“. ყველას სარწმუნოებისაებრ მოეგება. სასიხარულოა, რომ გვხვდება სასწაულებრივი განკურნების ფაქტები.


08:10



0 коммент.

ქაშვეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი

აშენების თარიღი: პირველი ტაძარი აგებული იყო ჯერ კიდევ დავით გარეჯელის მოღვაწეობის დროს. მეორედ ტაძარი 1753 წელს გივი ამილახვარს აუშენებია (იხილე წარწერა ქვემო ტაძრის კარიბჭის მარცხენა კედელში). დღევანდელი ნაგებობის მშენებლობა 1904 წლის 12 ნოემბერს დაიწყო.

აღმაშენებლები: ხუროთმოძღვრები: ლ-პ. ბილიფელდი, ე.ლ. ანდრეოლეტი, ძმები აღლაძეები. შემომწირველნი: ანა ამილახვარი, ნინო და ნიკოლოზ თუმანიშვილები, მართა თურქია, ანტონ და ნიკოლოზ არჯევანიძეები, ბარბარე ლორთქიფანიძე, დავით სარაჯიშვილი.

არქიტექტურა: თანამედროვე შენობა წარმოადგენს სამთავისის ეკლესიის გეგმით აგებულ ჯვარ-გუმბათოვან, სამნავიან ტაძარს. მისი არქიტექტურული თავისებურებაა კანკელის არატრადიციული მდებარეობა. კანკელი გამართულია არა წინა სვეტებს შუა, არამედ მათ უკან, რათა მეტი ადგილი დაეთმოს მლოცველებს, ვიდრე მღვდელმსახურთ. მშენებლობაში გამოყენებულია ალგეთის ქვა, ძეგამის თეთრი ქვა, იტალიური მარმარილო. ჩუქურთმებით ზომიერადაა შემკული - არც ისე ღარიბად, როგორც სიონი და არც ისე ჭარბად, როგორც ნიკორწმინდა. ჩუქურთმები გადმოღებულია საქართველოს სხვადასხვა ეკლესიიდან და საკვირველი ჰარმონიულობით არის ურთიერთშეთამხმებული. ტაძარი წარმოადგენს სიმარტივისა და სიმსუბუქის, თვალტანადობისა და სილამაზის იშვიათ სინთეზს.

ჩვენამდე მოღწეული ცნობით, ტაძრის პირველი მოძღვარი იყო დეკანოზი პეტრე მაკარიძე.

ხატები: ტაძარი მოხატულია ცნობილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის მიერ. ხატებიდან აღსანიშნავია: ღვთისმშობლის ხატი - ბეთანიისა, წმინდა გიორგი „წვერისი“, შედარებით ძველი ხატებია გრინევსკის „თამარ მეფე“, „დავით აღმაშენებელი“. კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის ცნობით, ქაშვეთში დაცული იყო ორი ჯვარი ცხოველმყოფელი ხით, წმინდა ევსტათის მარჯვენა ხელის ოთხი თითი, დავით გარეჯიდან ჩამოსვენებული წმინდა მოწამეთა ნაწილები, იოანე ნათლისმცემლის სისხლი, ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, წმ. გიორგის, ქრისტეს ცრემლისა და ოფლის ქაღალდი, პავლე მოციქულის საფლავის მიწა და სხვა წმინდა ნაწილები.


08:10



შიომღვიმე

0 коммент.

შიომღვიმის მამათა მონასტერი

შიომღვიმის მონასტერი მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სარკინეს (ახალტბის) ქედის სამხრეთ კალთაზე. მონასტერი დაარსებულია VI საუკუნის შუახანებში, სირიიდან მოსული ბერის შიოს მიერ, რომელმაც სიცოცხლის ბოლო ორი წელი მონასტრის შუა ნაწილში მდებარე ბნელ მღვიმეში გაატარა და იქვე დაიკრძალა.

სამონასტრო კომპლექსის უძველესი ნაგებობაა ჯერ კიდევ წმიდა შიოს სიცოცხლეში, 560-70-იან წლებში აშენებული წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომლის ქვედა ნაწილი საგანგებოდ გაკაფულ კლდეში არის ამოყვანილი. ეკლესია „თავისუფალი ჯვრის“ ტიპისაა. ნაგებია ნატეხი ქვით.

შიომღვიმის მონასტერი XX საუკუნის დასაწყისში

1010-1033 წლებში კათალიკოსმა მელქისედეკ I ეკლესიაში გააკეთებინა კანკელი, რომელიც შედგება ოთხი მოჩუქურთმებული ფილისაგან, რომელზედაც რელიეფური გამოსახულებებია - ძველი აღთქმის სქემა, ჯვარცმა, წმიდა სიმეონ მესვეტე და მართა, წმიდა შიოსა და ევაგრეს შეხვედრა (მცხეთელი დიდებული, რომელიც წმიდა შიომ ბერად აღკვეცა). ეს რელიეფები შუა საუკუნეების ქართული სკულპტურის საუკეთესო ნიმუშთა რიცხვს განეკუთვნება (ინახება ხელოვნების მუზეუმში).

XI ს-ის ბოლოს წმიდა შიოს მღვიმის თავზე, ნათლისმცემლის ეკლესიის დასავლეთით, აშენდა გრძელი უაფსიდო ეგვტერი. მღვიმე, რომლის ცენტრშიც არის წმიდა შიოს საფლავი, 11 მეტრის სიღრმისაა. იგი ზემოთკენ ჭასავით ვიწროვდება და იხსნება ეგვტერის დასავლეთ ნაწილში გაკეთებული ხვრელით. ჩრდილოეთიდან ეგვტერს აქვს სტოა-კარიბჭე, რომლის ჩრდილოეთით 1420-30-იან წლებში თაყა ზედგენიძემ ააშენა პატარა ეგვტერი საგვარეული საძვალედ. 1733 წელს გივი ამილახვარმა აღადგინა მღვიმეზე დაშენებული ეგვტერი და დააკავშირა იგი ეკლესიის დასავლეთ მკლავთან. აგრეთვე ააშენა სამრეკლო თაყა ზედგენიძის ეგვტერის დასავლეთით. XIX ს-ში კარიბჭეს სამხრეთიდან მიუშენდა პატარა მართკუთხა სათავსი. 1890-იან წლებში ეკლესიისა და მინაშენების სახურავები განაახლა წმიდა ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ.

ნათლისმცემლის ეკლესიის ჩრდილოეთით ღმრთისმშობლის მიძინების დიდი ტაძარია. ის 1103-23 წლებში ააშენა მეფე დავით აღმაშენებელმა, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავდა შიომღვიმის მონასტერზე და დიდძალი ქონებაც შესწირა მას. ტაძარი მთლიანად აგურით არის ნაშენი. თავიდან ის „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის გუმბათიანი ნაგებობა იყო. 1614-16 წლებს შორის, ირანელთა მიერ მონასტრის დარბევისას, ღმრთისმშობლის ეკლესია დაინგრა. 1678 წელს ის განაახლა გივი იოთამის ძე ამილახვარმა. შენობა აღადგინეს, როგორც სამნავიანი ბაზილიკა. 1722-26 წლებში ეკლესია კვლავ დაზიანდა ლეკების შემოსევების შედეგად. 1730-33 წლებში ხელახლა შეაკეთა გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარმა. 1890-იან წლებში ეკლესია განაახლა წმიდა ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ.

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის
ტაძრის ინტერიერი

იოანე ნათლისმცემლისა და ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიები 1901 და 1903 წლებში მოხატა რუსმა მხატვარმა ნ. ანდრეევმა, ლეონიდე ეპისკოპოსის დაკვეთით. მხატვრობა ილუზორულ-აკადემიური ყაიდისაა.

ნათლისმცემლის ეკლესიის სამხრეთით, დგას მონასტრის სატრაპეზო, რომლის ძველი ნაწილი XII საუკუნეს განეკუთვნება. 1730-იან წლებში სატრაპეზოს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. ჩრდილოეთით სატრაპეზო უკავშირდება აფსიდიან სამლოცველოს, რომლიდანაც ბნელი დერეფანი მიდის წმიდა შიოს მღვიმისკენ.

მონასტრის ჩრდილოეთით სარკინეს (ახალტბის) ქედის შვეულ კალთებზე ასზე მეტი გამოქვაბულია, რომლებსაც ბერები ადრეული შუა საუკუნეებიდან საცხოვრებლად იყენებდნენ.

მონასტრის შემოსასვლელი კარიბჭის მარჯვნივ არის წყარო („ცრემლის წყარო“), რომელიც იხსენიება წმიდა შიოს ცხოვრებაში. წყაროდან 300-იოდე მეტრის დაშორებით, კონცხზე დგას პატარა სამლოცველო, რომელიც დაშენებულია წმიდა შიოს პირველი საცხოვრებელი გამოქვაბულის ნაშთზე. შენობა თითქმის მთლიანად ხელახლა არის აგებული XIX საუკუნეში. მონასტრიდან ერთი კილომეტრის დაშორებით სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთის წვერზე დგას XII საუკუნეში აშენებული ჯვრის ამაღლების ეკლესია. შენობა აგურისაა, დარბაზული ტიპის. XVII საუკუნეში ეკლესიაზე მიშენდა ორსართულიანი სამრეკლო, რომლის პირველი სართული კარიბჭის ფუნქციებს ასრულებს.

ეკლესია რამდენჯერმე მოიხატა. დღეისათვის არსებული მხატვრობა XII საუკუნის ხანას განეკუთვნება. იგი უძველესია შიომღვიმის მონასტერში შემორჩენილ მოხატულობათა შორის.


08:03



საფარის სამონასტრო კომპლექსი

0 коммент.

საფარის სამონასტრო კომპლექსი


საფარის მონასტერი (გიორგი ჩანადირის ფოტო)

„ახალციხის წყლისა მტკურის შესართავს ზეით...ხევზედ არს საფარის მონასტერი, შუენიერად დიდშენი, გუმბათიანი, ყოვლადწმიდისა. ესე იყო შემკული ყოვლითა საეკლესიოსა და წმიდათა ნაწილებითა, და დაეფლოდნენ ათაბაგნი“. (ვახუშტი)

საფარის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ძირძველი ქართული მხარის მესხეთის მიწაზე, ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ათიოდე კილომეტრის დაშორებით. ადრე აქ სამცხის ათაბაგთა, ჯაყელთა, ერთ-ერთი რეზიდენცია იყო, ამიტომ ამ ადგილებში ძველ ნაგებობათა მრავალფეროვნებაა.

ტაძრის სამხრეთი კედელი (გიორგი ჩანადირის ფოტო)

საფარის კომპლექსი მაღალი მთის ტერასაზე ტყით დაბურულ ვიწრო ხეობაშია განლაგებული, რომელიც ქვემოთ ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე ურაველისწყალი მიედინება. სამონასტრო კომპლექსში სხვადასხვა ეპოქის მრავალი ნაგებობა შედის. მათ შორის ცენტრალურია წმ. საბას ტაძარი. მის გარდა აქაა რადენიმე დიდი და პატარა ეკლესია, სამრეკლო, საცხოვრებელი სახლები, სასახლე, კოშკები, სენაკები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა. ეს შენობები მთის ფერდობის სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს. საფარის ანსამბლის დღემდე მოღწეულ ნაგებობებიდან უძველესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. იგი X საუკუნით თარიღდება. მას მოგვიანებით მიადგეს წმიდა საბას სახელობის ეკლესია, რომლის თანადროულია იქვე, დასავლეთით მდგარი სამრეკლო. წმიდა საბას სახელობის ტაძარი XIII-XIV სს. მიჯნაზეა აგებული. მისი აშენება უკავშირდება სამცხის მმართველებად ჯაყელთა ფეოდალური გვარის აღზევებას (XIII ს. ბოლოს). მართალია, მისი აგების შესახებ ისტორიული წყაროები თითქმის არაფერს გვაუწყებენ, მაგრამ ტაძრის კედლებსა და ფრესკებზე შემორჩენილი წარწერები მისი დათარიღებიისა და ქტიტორთა შესახებ ძალზე საინტერესო ცნობებს იძლევა.

ამ მხრივ ყველაზე მეტყველ მასალას გვაძლევს ტაძრის სამხრეთი კედლის მხატვრობის ქვედა რეგისტრზე არსებული ოთხი პირის ჯგუფური გამოსახულება. მათგან პირველი სასულიერო პირია შავი მოსასხამით, რომლის თავთან არსებული ასომთავრული წარწერა - (საბა ათაბაგი) იდნეტიფიცირებულია სამცხის ცნობილ ათაბაგთან სარგისთან (ე.თაყაიშვილი), რომელიც ბერად აღკვეცის შემდეგ საბას სახელს ატარებდა. საბას უკან დგას ბექა მანდატურთუხუცესი, რომელსაც ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს. იგი ქტიტორია ტაძრის, რომელიც მამის - სარგისის ბერად აღკვეცის შემდეგ ხდება ათაბაგი და მამის სიცოცხლეშივე, დიდად ნაამაგარი სარგისოყფილ საბას სახელზე აშენებს ტაძარს. ამ ცნობას ძველი ქართლის ცხოვრების ბოლო ასწლოვანი მონაკვეთის ავტორის ჟამთააღმწერელის უწყებაც ადასტურებს: „განდიდნა სამცხის სპასალარი და მეჭურჭლეთუხუცესი სარგის ჯაყელი და ძე მისი ბექა, რომელნი მთავრობდეს სამცხეს... იყო ესე ბექა... მაშენებელი ქუეყანათა, ეკლესიათა და მონასტერთა...“ ჯგუფური ფრესკის მეორე პირი, წარწერის მიხედვით სამცხის სპასალარი სარგისია, ხოლო ჯგუფის ბოლოს მდგარი უწვერული ახალგაზრდა, რომელსაც წარწერა არ შერჩენია, ესაა „ბექას მეორე ვაჟი ყუარყუარა“ (ე.თაყაიშვილი).

იქვე ფრესკაზე, სარგისის თავს ზემოთ, მოთავსებული ყოფილა მშენებლობისა და მხატვრის მაუწყებელი წარწერა, რომლის მარჯვენა ნაწილი ბათქაშიანად ჩამოცვენილა. წარწერის შერჩენილი ფრაგმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ტაძრის მომხატველიც ბექა მანდატურთუხუცესი ყოფილა.

წარწერებიანი ჩუქურთმა (თამაზ დუნდუას ფოტო)

ტაძრის კარიბჭის დასავლეთის სარკმლის ორივე თაღზე და მარჯვენა კედელზე საღებავით შესრულებული წარწერები იუწყება მისი ხუროთმოძღვრის შესახებაც: „სრულ იქნა საყდარი ესე საძრიკვლითვე ყოველითა ფერითა ხელითა ფარეზას ძისათა, შეუნდვენ ღმერთმან“. ამდენად, წარწერის მიხედვით ტაძრის მაშენებელი „ფარეზას ძე“ ყოფილა (პ.ზაქარაია), ხოლო კეხის ქვაზე გამოსახული პირი, რომელსაც გონიო და ჩაქუჩი უჭირავს, თავად ფარეზ ხუროთმოძღვრად არის მიჩნეული. ამ მოსაზრებას ფიგურასთან არსებული წარწერაც განამტკიცებს, რომელიც ამგვარად იკითხება: „ფარეზს შეუნდვნენ ღმერთმან“ (ვ.ბერიძე).

ტაძრის დასავლეთის კედლის, კარის ტიმპანის და პატრონიკეთა განაპირა მრგვალი სარკმელების ირგვლივ არსებული ეპიგრაფიკული წარწერები იმ კერძო პირთა ვინაობას გვატყობინებს, რომელთაც გარკვეული მონაწილეობა მიუღიათ ეკლესიის მშენებლობაში, ან შეწირულობები შეუწირავთ. მათგან იკითხება: „სვიმეონ ბე(რი...)ს“, ოქროპირ გაბეცას ძის“, „ღავასა შვილის“ და „მწირის გიორგი მალეს“ სახელები.

ეპიგრაფიკული წარწერების მრავალრიცხოვნების მიუხედავად ტაძრის აგების თარიღის შესახებ არაფერია უწყებული, თუმცა ქართლის ცხოვრების მიხედვით ცნობილია დაახლოებითი თარიღი ბექას სამცხეში გამთავრებისა და, აქედან გამომდინარე, საფარის წმიდა საბას სახელობის ტაძრის აგებას მე-13 ს. 80-იან წლების დასაწყისს მიაკუთვნებენ (პ.ზაქარაია).

ტაძრის ასაშენებლად რთულ რელიეფიან ხევში მშენებლებს საგანგებო ბაქანი შეუქმნიათ და ამისთვის ხელსაყრელ ადგილად უკვე არსებული მიძინების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია მიუჩნევიათ, ამიტომაც წმიდა საბას ტაძარი უშუალოდ არის მიდგმული ძველ საყდართან. ახალი ტაძრისთვის სამი მხრიდან - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მშენებლებს დაუტოვებიათ შესასვლელები, მაგრამ ხატმწერს სამხრეთის კარი ამოუშენებია და მთელი ფასადი ერთიან მოსახატ სიბრტყედ გადაუქცევია.

წმ. მთავარანგელოზ მიქაელის ფრესკა
(თამაზ დუნდუას ფოტო)

ტაძრის შიდა სივრცის მთავარი ნაწილი შექმნილია ცენტრალური ჯვრით, რომლის აღმოსავლეთის მკლავი აფსიდით მთავრდება, დანარჩენი კი სწორკუთხაა. ამათგან სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავები მოკლეებია, ხოლო დასავლეთისა მათ თითქმის ორჯერ აღემატება. აფსიდისა და ბემისაგან შემდგარი საკურთხეველი შეისრული კონქითა და კამარითაა გადახურული. საკურთხევლის ცენტრში ტრაპეზია. საკურთხევლის სამხრეთით და ჩრდილოეთით სადიაკვნო და სამკვეთლოა. ორივე სათავსო ერთნარია. მათი ძირითადი სივრცის საფუძველი კვადრატს უახლოვდება და აღმოსავლეთით ღრმა აფსიდით მთავრდება. ამ სათავსოთა განათება აღმოსავლეთის მხრიდან არსებული თითო სარკმლით ხდება. სადიაკვნესა და სამკვეთლოს თავზე ე.წ. საიდუმლო ოთახებია განლაგებული. სადიაკვნისა და სამკვეთლოს შესასვლელები დარბაზიდანაა, სამკვეთლო საკურთხეველთან კარითაა დაკავშირებული.

ტაძრის ცენტრალური სივრცის დამაგვირგვინებელი გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის პილონებს. ტაძრის შიდა სივრცე საშუალოდაა განათებული. სინათლის ძირითადი წყარო გუმბათის ყელში არსებული რვა სარკმელი და ჯვრის ყოველ მკლავში განლაგებული თითო სარკმელია. წმიდა საბას ეკლესიის კედლის ძველი მიძინების კედელზე მიშენების გამო ერთმანეთში შესასვლელი კარი არის გაჭრილი. ეკლესიათა იატაკების დონეთა დიდი სხვაობის გამო ახალი ტაძრიდან ძველში ჩასასვლელად კიბეა მოწყობილი. ახალ ტაძარში, სადიაკვნოს ქვეშ დუღაბის კამაროვანი გადახურვითა და დიდ ლოდებიანი კედლებით ნაშენი სათავსი - საძვალე სამარხი ყოფილა. დასავლეთის კარიბჭე სანახევროდ ღია სათავსს წარმოადგენდა. მისი სამხრეთის მხარე პატარა სამლოცველოს უკავია, ხოლო მოპირდაპირე - ჩრდილოეთის მხარეს კედელია პატარა კარითურთ, დასავლეთის მხარე კი ღიაა სამი შეისრული თაღით.

საფარის წმიდა საბას სახელობის ტაძარი არქიტექტურული თვალსაზრისით შუაფეოდალური ხანის ცენტრალურ-გუმბათოვან ეკლესიათა განვითარების უკანასკნელ საფეხურზე დგას. მასში ჯერ კიდევ ჩანს ქართული საეკლესიო არქიტექტურის სიდიადე, იგი გრანდიოზულისა და დიდებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. ტაძრის ზომებია 21,6X16, 6 მ. სიმაღლე გუმბათის წვერამდე 22,5 მ. მას საკმაოდ ვრცელი ინტერიერი აქვს, გარე მასები კი იმპოზანტურად გამოიყურება. ინტერიერის ყველა ნაწილი კარგადაა ურთიერთშერწყმული, შიდა კედლების ჰორიზონტალური დაყოფა პროპარტიულ ჰარმონიას ქმნის.

ტაძრის თავისებურებას, რომელიც ორიგინალობადაც ითვლება წარმოადგენს პატრონიკე. იგი მდებარეობს დასავლეთით, გვერდითი ნავების თავზე. პატრონიკეები ორმხრივ ღიაა. მსგავსი დეტალი დამახასიათებელი არ არის ამ ტიპის ტაძრებისათვის, მაგრამ დროდადრო მაინც მიმართავენ ხოლმე. საფარაში პატრონიკეებს მუდმივი კიბე არა აქვთ, ამიტომ აქ მოხვედრა მხოლოდ ხის კიბით შეიძლებოდა ჩრდილოეთის პატრონიკედან არსებული ხვრელებით, მაგრამ, ეს ხვრელი ისე პატარაა, რომ ასვლა საკმაოდ ძნელი იქნებოდა (პ.ზაქარაია). ამის გამო საფარის პატრონიკეთა ფუნქციურობაზე სერიოზული ეჭვი არსებობს (ვ. ბერიძე). ინტერიერის გაფორმების მრავალფეროვნებას გუმბათქვეშა კვადრატის ოთხივე კუთხის ორ-ორი დამუშავებული ლილვით წარმოდგენაც მიანიშნებს. ლილვებს ბურთულების კაპიტელები და ბაზისები აქვს. ინტერიერის თავისებურებას ასევე წარმოადგენს ნიშა აფსიდში, რომელიც ცენტრში, სარკმლის ქვეშ მდებარეობს. იგი განკუთვნილი ყოფილა მღვდელმთავრის ჩამოსაჯდომად. იგი საგანგებოდაა მორთული შეწყვილებული ლილვებით, რომელთაც მარტივი კაპიტელები და ბაზისები აქვთ.

ტაძრის კანკელი (გიორგი ჩანადირის ფოტო)

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ საფარის ტაძრის შიდა სივრცე წარმოადგენს, ერთი მხრივ ტრადიციების გაგრძელებას, ხოლო მეორე მხრივ, მასში ძალიან ბევრი რამ ახლებურადაა გადაწყვეტილი. ექსტერიერშიც დაახლოებით ასეთივე სურათია და სწორედ ეს მხარე ქმნის მას ეპოქალურ ტაძრად. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ტაძრის არც ერთი ფასადი მორთულობით გადატვირთული არ არის. ორიგინალური გადაწყვეტით კი აღმოსავლეთის ფასადი გამოირჩევა, რომლის პირდაპირი ანალოგია არ მოიძებნება. მისი დამახასიათებელი ნიშანი ფასადის ცენტრალურ შვერილ ნაწილზე არსებული სამი სარკმელია, რომელთაგან პირველი და მესამე ცენტრში არსებული მოზრდილი მაღალი სარკმლის ზემოთ, მარჯვნივ და მარცხნივ არიან განლაგებული და მათი ზომები ძალზე მცირეა, რის გამოც „ხარისთვალა“ სარკმლებადაა სახელდებული (პ.ზაქარაია). საფარის ტაძრის ოსტატის მიერ შექმნილ აღნიშნულ კომპოზიციას არც წინამორბედი ჰყოლია და არც მიმდევარი.

საფარის ტაძრის ფასადებიდან თავის ხანას ყველაზე უკეთ ჩრდილო ფასადი წარმოადგენს. ჩრდილო ფასადზე ჯვრის მოთავსების ტრადიცია მანამდე არ არსებობდა.

საფარის გუმბათის ყელისა და კარიბჭეთა მორთულობის შესახებაც ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი შეიძლება გამოიკვეთოს, რითაც იგი წინა და შემდეგდროინდელი ტაძრებიდან მკვეთრად გამოირჩევა. საფარელ ოსტატს მორთულობის გამარტივებისა და სისადავისაკენ სწრაფვა ახასიათებს.

საერთოდ კი საფარა ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ტაძარია. მასში ერთი მხრივ ჩანს წინა საუკუნეების დიდებული მემკვიდრეობითობა და, მეორე მხრივ იმ დაღმართის საწყისი ეტაპი, რაც შემდეგდროინდელი ქართული სატაძრო არქიტექტურის დამახასიათებელ ნიშნად გვევლინება.


07:59



1коммент.

ბუკნარის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია

ბუკნარის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია გურიაში, ჩოხატაურის რაიონის, სოფელ ბუკნარში მდებარეობს.

ეკლესია 2005 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე გაიხსნა. ტაძარი გურიის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე იოსებმა (კიკვიძე) აკურთხა.

17 მ სიმაღლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა. იგი მთლიანად მოხატულია სახარებისეული სცენებით. მშენებლობა 8 თვის მანძილზე გრძელდებოდა.

ყოველი მნახველი აღტაცებულია ტაძრის არქიტექტურითა და მოხატულობის მაღალი მხატვრული დონით. ტაძარში შესული ადამიანი უნებლიეთ ხდება უდიდესი ღვთიური მადლით შთაგონებული და სულიერი სიმშვიდის სავანეში იმყუდროებს თავს.

ეკლესია ოთხმა ცნობილმა ხატმწერმა: იოანე და ირაკლი ბაბილოძეებმა, პაატა ვაშალომიძემ და კორნელი ინწკირველმა მოხატეს. მათ მიერვეა მოხატული ქობულეთში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, მაკვანეთსა და ხულოში ხარების სახელობის ეკლესიები, თბილისში გრიგოლ ხანძთელის ეკლესია, ბათუმში კი წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელობის ეკლესია.

ისტორიულად, სოფელ ბუკნარში ადრეც ყოფილა ეკლესია, რომელიც ვინმე დურგალს, გვარად დოლიძეს აუშენებია. ძველი ეკლესია 1924 წელს დაუნგრევიათ და მისი მასალით სკოლა აუგიათ. სკოლის ქვის ბოძებზე მიცვალებულთა გვარები ყოფილა ამოკვეთილი.

აღსანიშნასვია, რომ ბუკნარის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი ერთადერთი მოქმედი ეკლესიაა ახლომდებარე რამდენიმე სოფელში, ამიტომ მრევლი რამდენიმე კილომეტრით დაშორებული სოფლებიდანაც (ქვენობანი, ბასილეთი და სხვ.) დადის ტაძარში.

ეკლესიის გახსნის შემდეგ სოფელში ბევრი მოექცა ქრისტიანულად და ტაძარს მრევლი თანდათანობით ემატება. დიდ ქრისტიანულ დღესასწაულებზე წირვა-ლოცვის დროს ტაძარი მთლიანად ივსება მომლოცევლებით.

ეკლესია ამავე სოფლის მკვიდრის, საყოველთაოდ ცნობილი სახალხო მკურნალის და ქველმოქმედის, მამია (მამული) გუდავაძის ძალისხმევითა და დაფინანსებით აშენდა.

ეკლესიის წინამძღვარია მამა დავითი (ჯანჯღავა).

ღვთისმშობლის მადლი ფარავდეს ბუკნარს, გურიის ეპარქიას და
ღვთისმშობლის წილხვედრს-სრულიად საქართველოს!!!

მოამზადა ზურაბ სირაძემ

ტაძრის ფრესკები


საკურთხეველი

ლაზარეს აღდგინება

ბზობა

სულთმოფენობა


07:54



0 коммент.

სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი

ჯიხეთის დედათა მონასტერი სოფ. ჯიხეთში, ნიგოითის მთაზე, ლანჩხუთიდან 6 კმ-ში მდებარეობს.

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძრის ინტერიერი

მონასტერი დაარსებულია XIX ს-ის მიწურულს. მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი 1896 წელსაა აგებული ოზურგეთელი ილარიონ მენაბდის მიერ.

ჯიხეთის მთაზე მეტად მიუდგომელ ალაგს ყოფილა ნაგები მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. თურმე, დედებს მეტად აწვალებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისათვის მიუნდვიათ. იქვე ახლოს მთის ძირში დაფრინდნენ მტრედები. სამებად იწოდებოდა ის ადგილი. ამიტომაც ყოფილა ერთიანი აზრი - ახალი ტაძრისთვის სამება-ჯიხეთის მონასტერი ეწოდებინათ. ლოცვა-ვედრებით დაუშლიათ ეკლესია, გადმოუტანიათ ქვები, ყველა სიწმიდე. მოკრძალებით და რუდუნებით უშენებიათ ახალი მონასტერი და უბედნიერესი ხანაც დაუდგათ და შედგა პირველი საზეიმო წირვა. წირავდა ყოველმხრივ მომადლებული, ახალგახრდა დეკანოზი ეპიფანე ხონელია.
თავდაპირველად 113 ქალი მოღვაწეობდა მონასტერში.

პირველი წინამძღვარი და დედათა მონასტრის დამფუძნებელია დედა ელენე (მგალობლიშვილი).

წმ. გიორგის სახელობის ტაძარი

ჯიხეთის წინამძღვარი მონაზვნები იყვნენ: ანასტასია ლორთქიფანიძე, მარინე გოგეშვილი, ელისაბედ ჯანჯღავა, იღუმენია თეოდორა მორჩილაძე, სქემონაზონი მარიამი, მონაზონი მართა სიხარულიძე, მონაზონი ელისაბედ ხონელია, იღუმენია თეონა თევზაძე, მონაზონი ბარბარე მახარაძე და სხვები. ღირსეული მოძღვარნი ჰყავდა სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერს: დეკანოზი ივანე წეროძე, დეკანოზი ეპიფანე ხონელია, იღუმენი დავით ჯინჭარაძე, მღვდელ-მონაზონი მელქისედექ მიქავა, მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზ ღლონტი, არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარია და სხვანი.

გასაოცარი მგალობელი ყოფილა მონაზონი ბრმა მართა. ბევრი გაუკვირვებია ერთ-ერთი მღვდლის ცოლს. ღმრთისმსახური კომუნისტებს გაუპარსავთ. ელენეს ოჯახი დაუტოვებია და მონასტერს შეფარებია.

მონასტერში სკოლაც გაუხსნიათ. აქ წერა-კითხვასაც ასწავლიდნენ და საოჯახო საქმესაც, ხელგარჯილობასაც.

დედათა უმრავლესობა, ღმრთის სადიდებელი ცოცვა-ვედრებით მონასტერშივე აღესრულა და მათგან რამდენიმე ტაძრის ეზოშივეა დაკრძალული.

სამება-ჯიხეთის მონასტერს გულისხმიერება და ზრუნვა არასდროს მოკლებია ღმრთითკურთხეული მღვდელმთავრებისაგან, რომელთაგან პირველი იყო გურია-ოდიშის ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი), მეუფე ალექსანდრე (ოქროპირიძე), მღვდელმთავარი დიმიტრი (აბაშიძე) და სხვანი.

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
ტაძრად მიყვანების ხატი

მძიმე ჟამი ბევრჯერ დადგომიათ დედებს, მაგრამ უმძიმესი მაინც რევოლუციის შემდგომი პერიოდი იყო. იშვიათად იღებოდა ტაძრის კარები. ლოცვა-ვედრებას ღამით აღავლენდნენ, დღისით კი ტაძრის კარებს შეშით და ფიცრებით ხერგავდნენ. მიუხედავად ამისა სამება-ჯიხეთის მონასტერს მოქმედება არასდროს შეუწყვეტია. 1989 წელს ჯიხეთის მონასტერში განწესებულ დედა საბიანას აქ ორი ღრმად მოხუცებული სამონაზვნე დახვდა: დედა ევდოკია (+1994) და დედა ანასტასია.

არქმინადრიტი ანდრია (კბილაშვილი)
წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძართან

მონასტრის ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ, თუ რა მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ გურიის მონასტრის დედებს ათონის სახელგანთქმულ იოანე მახარებლის მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იონამ სამება-ჯიხეთის მონასტერს, ათონიდან ღმრთისმშობლის ხატი გამოუგზავნა.

1984 წლიდან მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი). მისი თაოსნობით მონასტერში მრავალი აღმშენებლობითი სამუშაო ჩატარდა. 1987 წელს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარს მიუშენდა სამრეკლო. 1988 წელს აიგო წმ. გიორგის ბაზილიკური ტიპის ტაძარი (მოხატულია იოსებ ბაჯელიძის მიერ). 2002 წლის დიდმარხვის პერიოდში აიგო წმ. იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების პატარა ტაძარი. ტაძრის ეზოში წყარო ოთხი მხრიდან შემოიყვანეს, სანათლავი მოაწყვეს და უწოდეს „იორდანეს წყარო“. მის წინ მოეწყო სანათლავი აუზი, რომელშიც წყაროს წყალი ჩაედინება. წყალს აქვს სამკურნალო თვისებები. სამივე ტაძრის კანკელი გაკეთებულია ზაურ ცირეკიძის მიერ.

მონასტრის აღმშენებლობით სამუშაოებში წვლილი მიუძღვის ადგილობრივ მოსახლეობას, ლანჩხუთის მრევლს. აღსანიშნავია ლანჩხუთის რაიკომის ყოფილი მდივნის ემზარ ბერიძის, ჩაის ფაბრიკის დირექტორის, სამტრედიის რაიონის №2 საამშენებლო საწარმოს დირექტორის ნოდარ დოლიძის, ასევე მისი მოადგილის შუტა ლორიას და სხვათა წვლილი.

სამომავლოდ დაგეგმილია სასტუმრო-რეზიდენციის მშენებლობა, კელიების დამატება და კეთილმოწყობა.

ყოველ 4 დეკემბერს - ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს მონასტერში იმართება დიდი დღესასწაული - ჯიხეთობა.


07:53



სამება

0 коммент.

წმიდა სამების საკათედრო ტაძარი

1989 წლიდან საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. და სწორედ ამ დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით წმიდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტისათვის არქიტექტორთა კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც გამარჯვება წილად ხვდა არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტს. ტაძარი, რომლის მშენებლობაც შემდგომში ათასწლეულის მშენებლობად შეფასდა, ქრისტეშობის 2000 წლისთავს მიეძღვნა.

კონკურსი ორ ტურად ჩატარდა და ორივე ტურში ხუროთმოძღვართა 110-ზე მეტი ჯგუფი მონაწილეობდა. ზოგიერთ მათგანს ტაძრის გეგმის ორი და სამი ვარიანტიც კი ჰქონდა წარმოდგენილი. ცალკეულ ნამუშევარზე ორი-სამი და ზოგზე შვიდი ავტორიც მუშაობდა. იყო ისეთი პროექტებიც, რომლებიც მთელი სახელოსნოს მიერ იყო წარმოდგენილი. ხსენებული კონკურსისადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ მასში უცხოეთში მოღვაწე ქართველი არქიტექტორებიც მონაწილეობდნენ. საუკეთესო პროექტის შერჩევისას კომისიამ, რომელსაც სათავეში თავად უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ედგა, გაითვალისწინა ქართული საეკლესიო არქიტექტურის ყველა ძირითადი ტრადიციული კომპონენტი, ასევე სატაძრო კანონიკისათვის მისაღები სიახლეები და უპირატესობა მიანიჭა იმ გეგმას, რომელიც ამჟამად ელიას მთაზე ხორციელდება. ხუროთმოძღვარი არჩილ მინდიაშვილი ძველი საკათედრო ტაძრების ანალიზზე დაყრდნობით შეეცადა, განესაზღვრა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი განვითარების დონე დღევანდელობასთან მიმართებაში. მისი თქმით: „სამების საკათედრო ტაძარი არის თანამედროვე ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელშიც ქართული ეკლესიათმშენებლობის დღემდე არსებული ყველა ტრადიცია არის დაცული, და მას თან ერთვის თანამედროვე ნიუანსები“.

„როდესაც ამ ტაძრის გეგმაზე დავიწყე მუშაობა, პირველ რიგში, ეკლესიური გავხდი. აქედან გამომდინარე, უკვე ნათელი გახდა, როგორი კუთხით უნდა გვეწარმოებინა ეს სამუშაო. გავაანალიზეთ თითქმის ყველა დიდი ქართული ტაძარი: ოშკი, ბანა, ბაგრატი, ხახული, სვეტიცხოველი, გელათი და მათ სინთეზზე გავაკეთე ჩემი პროექტი.

კანონიკა აბსოლუტურად დაცულია, მაგრამ არის უამრავი სიახლე. ის, ამავე დროს, არის თანამედროვე ქართული ტაძარი. სართულებს შორის ურთიერთობით, ვერტიკალური კომუნიკაციებით, შიდა სივრცის გადაწყვეტით, ეს არის ჯვარ-გუმბათოვნისა და ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის სინთეზი. თუ ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარი კედლებზე ეყრდნობა, ხოლო ჯვარ-გუმბათოვანი კი ოთხ სვეტზე, სამების ეკლესია რვა სვეტზეა გაწეული. გუმბათის პარამეტრები არ არის დამოკიდებული აბსიდის ზომებზე, ამით ქალაქის იერსახეში გუმბათმა და თავად ტაძარმა უფრო მონუმენტური სახე მიიღო. მოპირკეთების დროსაც იქნება ძველის ახლებურად გადაწყვეტა. ჩვენ არაფერს ვიმეორებთ, ყველაფერი არის ახალი, მხოლოდ დაყრდნობილია ძველზე, რასაც კი ქართულის სახელი ერქვა. ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში არის ჩადებული მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კოდი, რომლითაც იგი განსხვავდება ბერძნული ან სომხური ტაძრისაგან. ეს ჩვენც გავითვალისწინეთ. ახალი ტაძარი უნდა გამოირჩეოდეს სხვა ტაძრებისაგან, მაგრამ როგორ გააკეთებ ამას, ეს უკვე ოსტატობაზეა დამოკიდებული“ - აცხადებს არჩილ მინდიაშვილი. სამების ტაძარი მოპირკეთდება ბოლნისის ტუფით. შერჩეული მასალა საკმაოდ მტკიცე და რთული დასამუშავებელია. ბატონ არჩილის თქმით: „თავდაპირველად პროექტში სამი ტაძარი იყო: ერთი ძირითადი - საკათედრო ტაძარი და მის გვერდით, ჩრდილოეთით და სამხრეთით ორი მცირე ეკლესია. როდესაც ტაძრის ახალი ადგილმდებარეობა გადაწყდა, ეს ვეღარ მოხერხდა“.

ტაძრის აშენება თავდაპირველად ვაკეში, ყოფილი სტუდქალაქის მახლობლად იყო გადაწყვეტილი, მაგრამ საბოლოოდ მისი აშენება ელიას მთაზე გადაწყდა.

პროექტის თანახმად, წმიდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსი შედგება: ტაძრის, სამრეკლოს, საპატრიარქოს, მამათა მონასტრის, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის, სასტუმროებისა და სხვა დამხმარე შენობებისაგან. მთლიანი კომპლექსისათვის ელიას მთაზე 11 ჰექტარი მიწის ფართობი გამოიყო.

1996 წლის 3 მარტს, მართლმდიდებლობის ზეიმზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ეპარქიათა მღვდელმთავრები, თბილისის ყველა ეკლესიის სამღვდელოება და მრევლი ჯვრებითა და ხატებით ფეხით გაემართა ელიას მთისკენ. მათ საძირკველში აღმართულ ჯვართან სანთელი დაანთეს და ჩააწყვეს ქვები, რომლებზეც საკუთარი სახელები დაწერეს. საძირკვლის კურთხევის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც. „დღეს საფუძველი ეყრება სამების ტაძარს და ამით საფუძველი ეყრება ძლიერ საქართველოს. საქართველო ეძებს თავის დასაყრდენს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს საყრდენი ძლიერია იმ შემთხვევაში, თუ ერი არის მრავალრიცხოვანი, ზოგიერთი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ძლიერია მაშინ, თუ მას გააჩნია ძლიერი შეიარაღებული ძალები... თუ მას გააჩნია დიდი მეცნიერება და მაღალი კულტურა. ეს ყველაფერი საჭიროა, აუცილებელია, მაგრამ პირველი და აუცილებელი არის ერის სულიერი ძლიერება. აი, სწორედ ამისთვის ვართ მოწოდებულნი და ამით ვიწყებთ ჩვენი ერის განმტკიცებას. უფალი ბრძანებს: „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას“. და კლდესა მას ზედა ჩვენ უნდა აღვაშენოთ ყოვლადწმიდა სამების ტაძარი და ამით ავაშენოთ ჩვენი სულიერი ტაძარი, რომელიც შერყეულია, დანგრეულია. ჩვენი წინაპრები თავიანთი სისხლით იცავდნენ ქრისტიანობას. იმიტომ, რომ ხვდებოდნენ, ამაში იყო ჩვენი ძლიერება. მტერი უპირველეს ყოვლისა, ტაძარ-მონასტრებს ანგრევდა, რადგან მან იცოდა, რომ ქართველი ერის ძლიერება ქრისტიანობაშია. დადგა ჟამი შენებისა. ჩვენი ერი კვლავ უბრუნდება ფესვებს, მაგრამ ამ დროს უნდა ავაშენოთ ღვთის სადიდებელი ტაძარი, რომელიც გაამთლიანებს ქართველ ერს, ყველას, ვინც სიყვარულით ცხოვრობს საქართველოში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. უფალმა შეგვაძლებინოს ამ დიდი საქმის აღსრულება. რადგან ვიწყებთ ამ საქმეს, ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი ჩვენთანაა“.

კანკელი

სასულიერო პირებმა ტაძრის საძირკველს ჩააყოლეს წმიდა ადგილებიდან ჩამოტანილი სიწმინდეები: ქვა სიონის მთიდან, სადაც მოსეს ათი მცნება მისცა უფალმა; ქვა მდინარე იორდანიდან, სადაც ნათელ იღო იესო ქრისტემ; ნაზარეთიდან, სადაც ეხარა ღვთისმშობელს მაცხოვრის შობა; იერსუსალიმის სიონიდან, სადაც დაკრძალული იყო ღვთისმშობელი; მიწა იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრიდან; აჭარიდან, გონიოდან, საიდანაც შემოვიდა ანდრია პირველწოდებული და განისვენებს მატათა მოციქული; ჯავახეთიდან, ფარავნის ტბიდან, საიდანაც შემოვიდა წმიდა ნინო; სვეტიცხოვლიდან, სადაც ბრძანდება უფლის კვართი; მცხეთის სამთავროს მონასტრიდან, სადაც მოღვაწეობდა წმიდა ნინო; მოწამეთადან, სადაც წმიდა დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები განისვენებენ. აფხაზეთიდან, კომანიდან, წმიდა ვასილისკოს წყაროდან. იერუსალიმის საბა განწმენდილის მონასტრიდან; კაპადოკიიდან, სადაც დაიბადა წმიდა ნინო, წმიდა გიორგი, ბასილი დიდი და სხვა წმიდა მამები; აფხაზეთიდან, სვიმონ კანანელის საფლავიდან; წმიდა დიდმოწამე გიორგის საფლავიდან, იერუსალიმის ელეონის მთიდან, საიდანაც უფალი ამაღლდა ზეცად; ლეჩხუმიდან - წმიდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავიდან, გოლგოთიდან, თაბორის მთიდან, მამრეს მუხის ნაწილი, ქვა გუდამაყრის ხეობიდან, რომელზეც ბუნებრივად არის გამოსახული ჯვარი; სიონის საპატრიარქო ტაძრიდან, ქუთაისის ბაგრატის ტაძრიდან, გეგუთის სამეფო ციხე-სიმაგრიდან; გელათის მონასტრიდან; ანტონ მარტყოფელის საფლავიდან; ბაგრატიონთა სამეფო ტახტის ნაწილი სვეტიცხოვლიდან. უძველესი ტრადიციის თანახმად, მღვდელმთავრებმა საძირკველში ჩააწყვეს ოქროს მონეტები, საფუძველშივე იქნა ჩადებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და იმჟამინდელი პრეზიდენტის ორი ფილა მათი სახელებით. „ყოვლდაწმიდა სამებაო, დალოცე, გააძლიერე და გაამთლიანე სრულიად საქართველო და ეკლესია ჩვენი. გევედრები ჰყავ ტაძარი ესე და საქართველო, ტახტად და სამკვიდრებელად შენდა, ხოლო ერი ჩვენი, სამწყსოდ შენდა, ამინ! მონა ღვთისა მდაბალი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“ - წერია უწმიდესის ფილაზე.

1994 წლის 14 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდი აკურთხა. ფონდის დაფუძნებისას უწმიდესმა და უნეტარესმა შემდეგი სიტყვებით მიმართა მრევლს: „ჩვენი ერი ახალი ტაძრის აშენებით რწმენის ერთგულებასა და სიყვარულს ერთხელ კიდევ დაადასტურებს, მისმა მშენებლობამ იგი სულიერადაც უნდა გაამთლიანოს. მართალია, ზოგიერთის აზრით, იმ მატერიალური გასაჭირის გამო, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, ახალი ტაძრის მშენებლობა გაუმართლებლია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად ხშირი გასაჭირისა, ჩვენს ქვეყანაში ტაძრების მშენებლობა არასდროს შეწყვეტილა... ჩვენ დღეს უფრო სულიერად გვიჭირს, ვიდრე მატერიალურად, სამების ტაძრის აშენებამ სწორედ ამ სულიერი კრიზისის დაძლევას უნდა შეუწყოს ხელი“.

თავდაპირველად მშენებლობა ნელი ტემპებით მიმდინარეობდა, ძირითად სამუშაოებს „საქგვირაბმშენი“ აწარმოებდა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა საწარმო და ორგანიზაცია მონაწილეობდა მშენებლობაში, მრავლად იყო კერძო შენაწირებიც. უამრავმა ადამიანმა თანხა ისე გაიღო, ვინაობა არ დაუსახელებია. მშენებლობის ფონდის ინიციატივით 31-ე ქარხანამ უფასოდ დაამზადა ყულაბები წმიდა სამების ტაძრის მშენებლობისათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოწირულობების მისაღებად.

დასავლეთის კარიბჭე

ტაძრის საძირკვლის ამოღება 1995 წლის 23 ნოემბერს დაიწყეს. 2000 წლისთვის პრაქტიკულად დასრულდა მიწისქვეშა სივცის სამუშაოები, რაც დაახლოებით მთლიანი ტაძრის მოცულობას უტოლდება. როგორც სამების ტაძრის ინჟინერ-კონსტრუქტორი და ამჟამად ტაძრის ფონდის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ემზარ კიზირია აღნიშნავს: „ქვედა სივრცის ათვისების იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ტაძარი უნდა დაფუძნებულიყო აუცილებლად კლდეზე, სათანადო გეოლოგიური დასკვნების შედეგად 12-13 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა ის ძირითადი ქვიშა-ქვები, რომლებიც ტაძარს უდევს საფუძვლად. რაკი ამოღებულ იქნა ეს გრუნტი, გაჩნდა იდეა, მიწისქვეშა ნაწილში გაკეთებულიყო კიდევ ერთი ტაძარი - ხარების და ასევე სიწმიდეთა მუზეუმიც, სადაც ჩვენი ეკლესიის სხვადასხვა ადგილას არსებული სიწმიდეები განთავსდება“.

ტაძარი მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილებისაგან შედგება. მიწისქვეშა ნაწილში 5 ეკლესიაა, ხოლო მიწისზედაში - 4. სამების ტაძარი შეიცავს მთავარანგელოზთა, იოანე ნათლისმცემლის, წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, 12 მოციქულის, და ყოველთა წმიდანთა სახელობის ეკლესიებს. ესოდენ დიდი სიმაღლისა და ფართის ტაძარი საქართველოში ჯერ არ აშენებულა. ტაძრის მოცულობა 102 კვ. მეტრია, თავისი სავესტიბიულო ნაწილით კი - 137 კვ.მ. ფართობი 5000 კვ. მეტრზე მეტია. იგი აღჭურვილია უახლესი საკომუნიკაციო, ელექტრო, გათბობის და ვენტილაციის აპარატურით. სამების საკათედრო ლავრის სიმაღლე მიწიდან ჯვრის ძირამდე 77 მეტრია. საკუთრივ ჯვრის სიმაღლე კი შვიდმეტრნახევარია. მიწის ქვემოთ საძირკვლამდე სიღრმე 13 მეტრია. სიგრძე - 70 მ, სიგანე - 64 მ. თუმცა ტაძრის გრანდიოზულობა მხოლოდ პარამეტრებით არ განისაზღვრება. მისი ექსტერიერი და ინტერიერი ძალიან საინტერესოდ არის გადაწყვეტილი. ის ერთ-ერთი დომინანტი ნაგებობაა მტკვრის მარცხენა სანაპიროს თავზე და ფაქტობრივად, ძველი თბილისის ზემო მხარე უკავია. საინტერესოა ისიც, რომ წმიდა ელიას მთაზე მშენებარე სამების საკათედრო ტაძარი ზუსტად მამა დავითის ეკლესიის აღმოსავლეთ ღერძზეა განთავსებული, ამდენად, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ტაძარს სივრცე უკვე მოგებული აქვს. იშვიათობაა ისიც, რომ ნაგებობაში შესვლა სამ სხვადასხვა დონეზე ხდება და ის, ერთბაშად, ათეულ ათასობით მლოცველს დაიტევს.

ტაძრის არქიტექტურა ძველი ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრებისა და თანამედროვე გადაწყვეტის შერწყმას წარმოადგენს. ესაა ნაზავი ჯვარგუმბათოვანსა და ცენტრალურგუმბათოვანს შორის. ხშირად ისმის კითხვა: რატომ აშენებენ ტაძრებს ძველი და არა ახალი, თანამედროვე არიქიტექტურით? არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი ბრძანებს, რომ „ეს არ არის სწორი, რადგან მართლმადიდებლობა ორთოდოქსალური რელიგიაა და იგი თავის თავში პირველს, ტრადიციულს ატარებს... ბევრად იოლია აბსოლუტურად ახალს მიაგნო და შექმნა, ვიდრე ძველსა და ტრადიციულზე ააგო ახალი. როგორ შეიძლება პოპ მუსიკით გადმოსცე საგალობელი, იგი ვერასდროს იქნება გალობის ნიშნის მატარებელი“.

სამრეკლო

ხუროთმოძღვარ არჩილ მინდიაშვილის თქმით: „შესაძლებელია ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, თუ რა საჭირო იყო ამხელა ეკლესიის აგება, მაგრამ როდესაც აქ პირველი წირვა ჩატარდა, ტაძარში ხალხის ტევა აღარ იყო. ანალოგიური ვითარება შეიქმნა მაშინაც, როდესაც საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი, უნეტარესი ქრისტოდულოსი საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა და თან წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა ჩამოაბრძანა. როდესაც სიწმიდე ტაძარში დაასვენეს, ისეთი რიგი იყო, რომ მე თავად გამიჭირდა შიგნით შესვლა. ამდენად, რამდენი კრიტიკოსი და ოპონენტიც არ უნდა გვყავდეს, ტაძრის ასეთი ზომები დრომ და საჭიროებამ მოითხოვა. როგორც აღინიშნა, ყოვლადწმიდა სამების ეკლესიის კიდევ ერთი თავისბურება იმაშიც მდგომარეობს, რომ გუმბათი ტრადიციული ოთხი სვეტის ნაცვლად, რვა სვეტზეა დაყრდნობილი, რამაც საშუალება მოგვცა, გუმბათის პარამეტრები შეგვეცვალა. ის ყველაზე განიერია საქართველოს ეკლესიის გუმბათებს შორის (მისი დიამეტრი 16 მეტრია), რამაც უზარმაზარი შიგა სივრვე წარმოშვა. იგი უფრო შთამბეჭდავი იქნება მაშინ, როდესაც ხარაჩოები ჩამოიხსნება. საინტერესოა ისიც, რომ თითოეული ეკლესია არის დამოუკიდებელი, და ამავე დროს, ყოველი მათგანი ერთმანეთთანაა დაკავშირებული... დიდი ტაძრიდან გამოუსვლელად ყველა ეკლესიაში შეიძლება მოხვედრა. ეკლესიის მიწისქვეშა ნაწილს ახლავს ტექნიკური გალერეა, რომელსაც ორი ფუნქცია აქვს დაკისრებული. ეს იცავს ტაძრის საძირკველს რელიეფის ზემოქმედებისაგან და ამასთან ერთად, მასში გადის ყველა ის კომუნიკაცია, რაც ტაძრის მომსახურეობას სჭირდება“ - ამბობს ბატონი არჩილი.

ყოვლადწმიდა სამების ლავრისათვის ზარები გერმანიაში ჩამოისხა, მათ ორიგინალური, ქართული ჟღერადობა გააჩნიათ. სამრეკლოზე 9 ზარია დამონტაჟებული და ორი რეჟიმი აქვს: მექანიკური და ელექტრონული. ზარებს შორის ყველაზე დიდი 8200 კილოგრამს იწონის. ისინი კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის დახმარებით ქართული ხმოვანებით შეიქმნა.

ამჟამად, ტაძრის ძირითადი სხეულის მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებულია. ტაძარი შიგნიდან მთლიანად გაილესა, მისი გუმბათი ფურცლოვანი სპილენძით დაიხურა. გარედან მოპირკეთებულია ქართული ქვებით: ბოლნისის ტუფითა და კურსების გრანიტით. ინტერიერში გამოყვანილია ქართული, ბოდბის გამარმარილოებული კირქვა, ძირს დაგებულია ჩინური და ინდური გრანიტი, კედლებზე - იტალიური, ეგვიპტური და ბერძნული მარმარილოები. კანკელი ბერძნული მარმარილოთია დამზადებული. წინასწარი გაანგარიშებით, ტაძარი 9 ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით მთავარი, სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოებს კოორდინაციას გაუწევს მხატვარი ამირან გოგლიძე. ტაძარს მოხატავენ კანონიკის სრული დაცვით და იმ ტრადიციათა გათვალისწინებით, რაც ქართულ ფრესკულ მხატვრობასა და ხატწერაშია დამკვიდრებული. ამასთანავე, ეკლესიის მოხატულობის კონცეფციის განსასაზღვრად ჩამოყალიბებულია ხელოვნებათმცოდნეთა ჯგუფი და სამების ტაძრის მოხატვაც მათ დასკვნებზე დაყრდნობით შესრულდება. გარდა მოხატვისა, ეკლესიის საკურთხეველი მოზაიკით უნდა მოიჭიქოს. ბატონ არჩილ მინდიაშვილის თქმით: „ერთ-ერთი ურთულესი საქმე იქნება მხატვრობა, რადგან აქ სირთულეს შექმნის ფრესკის მასშტაბის მონახვა თუ რა ზომის უნდა იყოს კომპოზიცია, რათა ის ამხელა სივრცეში არც დაიკარგოს და არც ამოვარდეს. გადასაწყვეტია საერთო ფერთა გამაც. რაც მთავარია, დიდი სირთულე, ალბათ, შეგვხვდება მოზაიკაში, რადგან ეს, უკვე დიდი ხნის წინ დაკარგული ტრადიციაა“. მოზაიკით მოიჭიქება საკურთხეველი, რაც ძალზედ შრომატევადი და ამასთან ერთად მეტად ძვირადღირებული სამუშაოა.

საკურთხეველი

ელიას მთაზე, როგორც ამას მთის სახელწოდებაც მიგვანიშნებს, ადრე წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია იყო აგებული. სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის პროექტით აქ წმიდა ილიას სახელობის ხის ეკლესიის აგება გადაწყდა და 1998 წლის აღდგომისათვის სამუშაოები დამთავრდა. ხის ეკლესია ახალგაზრდა არქიტექტორმა დავით სვანიძემ, სამების ტაძრის მთავარი არქიტექტორის არჩილ მინდიაშვილის დახმარებით დააპროექტა. სამწუხაროდ, რამდენიმე ხანში ტაძარი დაიწვა. მის ადგილას დღეს ახალი, რკინა-ბეტონით ნაშენები ტაძარი დგას.

მესამე ათასწლეულის პირველი ქრისტეშობა ქართველმა ერმა სწორედ წმიდა სამების მშენებარე ტაძარში აღნიშნა. 2003 წლის 6 დეკემბერს სამების ტაძარზე 7,5 მეტრის სიმაღლის მოოქროვილი ჯვარი დაიდგა, რომელიც 2 ტონას იწონის. ჯვარი უჟანგავი ლითონისა და ბრინჯაოს მასალითაა დამზადებული, არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის ესკიზებით. ის თითქმის ერთი წელი მზადდებოდა. ჯერ ქარხანა „მიონში“ იყო, შემდეგ მშენებლობის უფროსი, ბატონი თამარ არველაძე დეკანოზ ტარიელ სიკინჭელაშვილთან ერთად იყო მოსკოვში იქაური გამოცდილების გასაზიარებლად, რათა ჯვარს ამ სახით ერთი საუკუნე მაინც გაეძლო. ბევრი მეთოდი და ახალი ტექნოლოგია მოისინჯა. ჯვარი დაიფარა სპილენძის ფირფიტებით, შემდეგ - ვერცხლით და ბოლოს მოოქროვდა. იგი უჟანგავი ლითონით დამზადდა. ამიტომ საუკუნეებს გაუძლებს.

საქართველოს საპატრიარქოს ეზოში დაბრძანებული ჯვარი 5 დეკემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II აკურთხა წმიდა სინოდის მღვდელმთავრებთან - ცხუმ-აფხაზეტის მირტოპოლიტ დანიელთან (დათუაშვილი), ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოს ისაიასთან (ჭანტურია) და ხონელ მთავარეპისკოპოს საბასთან (გიგიბერია) ერთად.

კურთხევის შემდეგ ჯვარი მორწმუნე მრევლმა გალობით საპატრიარქოს ეზოდან ყოვლადწმიდა სამების მშენებარე ტაძრის ეზოში გადაასვენა, სადაც იგი ერთი დღე-ღამის განმავლობაში იყო დაბრძანებული. მის წინაშე განუწყვეტელი პარაკლისები აღესრულებოდა.

6 დეკემბერს, დღისით ჯვარი საზეიმოდ აღიმართა ყოვლადწმიდა სამების ტაძრის გუმბათზე.

თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II „ათასწლეულის მშენებლობა“ უწოდა, ხუროთმოძღვრის თქმით, ძირითადად შემოწირულობებით ხორციელდება. ბატონმა არჩილმა ისიც დასძინა, რომ ჩვენი უცხოელი თანამემამულეებიც ფირად ხელგაშლილნი არიან და ამ საშვილიშვილო მშენებლობას საკმაოდ დიდ თანხებს სწირავენ. ჩვენც ისღა დაგვრჩენია, მადლობა მოვახსენოთ ყველას, ვინც ქრისტიანული საქართველოს (და არა მარტო მისი) ამ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს მშენებლობას ოდესმე რაიმეთი შეეწია.

2004 წლის 23 ნოემბერს 9 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც პირველად გაიჭრა წმიდა სამების ტაძრის საფუძველი. წელს სწორედ ამ დღეს იკურთხება იგი, როგორც სიმბოლო ქართველი ერის სულიერი ერთობისა და ჭეშმარიტი რწმენისა.


07:43



ანჩისხატი

0 коммент.

ანჩისხატის ტაძარი

ისტორია: XX საუკუნის 60-იან წლებში, რესტავრაციის დროს, ანჩისხატის ტაძარში აღმოაჩინეს ქვის ორი ფილა (ამჟამად ისინი ტაძრის დასავლეთ ფასადშია ჩასმული), რომლებზეც „ჯვრის ამაღლების“ რელიეფთან ერთად V-VI საუკუნეების ასომთავრული წარწერის ფრაგმენტებია შემორჩენილი. მეცნიერებმა აღდგენილი წარწერა ასე წაიკითხეს: „უფალო, მეფე დაჩის შეხეწიე“. ეს წარწერა ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ისტორიული თბილისის ზემო უბანში, მდებარე ანჩისხატის ტაძარი სწორედ ის ყოვლადწმიდა მარიამის შობის სახელობის ეკლესიაა, რომლის შესახებაც XI საუკუნის ძეგლში „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ში ნათქვამია: „თბილისს კაცნი დასხდებოდეს და მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ აღაშენეს“. ეს ტაძარი VI საუკუნის დასაწყისში, ქვეყნის დედაქალაქის მცხეთიდან თბილისში გადმოტანისთანავეა აგებული, როცა ქართლში ვახტანგ გორგასლის შვილი, დაჩი უჯარმელი მეფობდა.

ანჩისხატის ეკლესია იმ ეპოქიდან შემორჩენილი ერთადერთი ნაგებობა გახლავთ. ტაძარი ტუფის თლილი ქვებით ნაგები სამნავიანი ბაზილიკაა. იგი ადრეული საუკუნეების არქიტექტურული ოსტატობის ნიმუშს წარმოადგენს და მხატვრული გადაწყვეტით ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავ ძეგლს - ბოლნისის სიონს - უახლოვდება. ტაძარმა თხუთმეტსაუკუნოვან ქარტეხილს გაუძლო და ჩვენამდე მრავალჯერ აღდგენილმა და გადაკეთებულმა მოაღწია.

აგებიდან ერთი საუკუნის შემდეგ ხანგრძლივი ომის შედეგად თბილისი ბიზანტიელთა და ხაზართა გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო. ამ დროს ტაძარი ისე დაზიანებულა, რომ 634 წელს ქართლის კათოლიკოს ბაბილას ლამის თავიდან აუგია. ამავე დროს აუშენებიათ მის მახლობლად სასახლეც, რომელშიც „მცხეთით ტფილისად მოსრულთა კათოლიკოსთათვის“ რეზიდენცია გადაუტანიათ. როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტაძარი, ყოვლადწმიდა მარიამის ეკლესია ერთადერთი იყო თბილისში, რომელსაც არაბთა ბატონობის დროს ზარების რეკვის უფლება ჰქონდა შენარჩუნებული. ამის გამო ძველად მას „ზარის საყდარსაც“ უწოდებდნენ. საისტორიო წყაროებში „მარიამწმიდა ეკლესიის“ შესახებ დაწვრილებითი ცნობები არ შემონახულა. იგი მხოლოდ ზოგადად, საკათოლიკოსო ეკლესიად, მოიხსენიება.

1664 წელს ქართლის კათოლიკოსმა დომენტი III-მ თბილისელი ვაჭრისაგან შეიძინა სამცხიდან, ანჩის მონასტრიდან, ჩამოტანილი ბექა ოპიზრის მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი (1555 წელს კლარჯეთი ოსმალთა ხელში გადავიდა და VI საუკუნეში დაარსებული ანჩის საეპისკოპოსოც გაუქმდა). ხატის ახალ ადგილსამყოფელად საკათოლიკოსო ტაძარი - ყოვლადწმიდა მარიამის შობის ეკლესია - შერჩა. სწორედ ამ დროიდან დამკვიდრდა მისი ახალი სახელი - ანჩისხატის ეკლესია.

კათოლიკოს დომენტის ლოცვა-კურთხევით დაზიანებული ტაძარი კიდევ ერთხელ შეუკეთებიათ - აგურის წყობით შეუვსიათ კედლების ჩამონგრეული ზედა ნაწილები, ტაძარში აღუმართავთ აგურის მრგვალი ბოძები და მათზე დაყრდნობილი თაღები. ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს XVII საუკუნეში აგებული აგურის ორსართულიანი სამრეკლო. იგი ტაძრის გალავნისა და ქუჩის ორგანული ნაწილია, ხოლო ეკლესიის ეზოში ჩასასვლელ კარიბჭეს პირველი სართული წარმოადგენს. სამრეკლოს დასავლეთ ფასადში ჩასმულია მართკუთხა ფილა მხედრული წარწერით: „ჩუენ, ქრისტესმიერ კურთხეულმან ბატონის შვილმან კათოლიკოზმან დომენტი, აღუაშენე სამრეკლო ესე და განვაახლე საყდარი ესე სულისა ჩემისა საოხად მეფობასა ქართლისა შაჰნავაზისსა ტნიგ“ (1675).

1683 წელს ეკლესია მოხატეს ნიკოლოს კათალიკოსის მეთაურობით. XVII საუკუნეში წარმოიშვა ტაძრის შემოგარენის სახელწოდებაც - „ანჩისხატის უბანი“. თბილისში შესასვლელი ერთ-ერთი გზა პირველად ამ უბანში შედიოდა. მის მთავარ (ახლანდელი შავთელის) ქუჩას ჯერ წყლისკარის, შემდეგ ანჩისხატის, XIX საუკუნეში კი მაცხოვრის ქუჩა ეწოდებოდა.

გვიან შუა საუკუნეებში ანჩისხატის ეკლესია სასულიერო და კულტურული ცხოვრების მნიშნველოვანი ცენტრი გახდა. ქართველ უფლისწულთა აღზრდაც აქვე ხდებოდა. XVII საუკუნეში სამცხიდან ჩამოსული მღვდლის, პეტრე მოსხის, შთამომავლებმა შესანიშნავი კალიგრაფის - ალექსი-მესხიშვილების - დინასტიან ჩაუყარეს საფუძველი. 1755 წელს ერეკლე II-ის ხელშეწყობით ტაძართან საერო სკოლა და სასულიერო სემინარია ჩამოყალიბდა. ანჩისხატის ეკლესიის ეზოში მდებარე სემინარიის შენობას ასეთი ასომთავრული წარწერა ჰქონდა: „ვითარ საშინელ არს ადგილი ესე! ესე არა რაი არს, გარნა სახლი ღვთისა და ესე - ბჭე ზეცისა. მეფობასა თეიმურაზისასა და ძისა მისისა ერეკლესსა, პატრიარქობასა ანტონისსა, 1755 წლის 9 იანვარს“. სემინარიაში საღვთო სჯულსა და საეკლესიო ისტორიასთან ერთად გრამატიკას, პოეტიკას, რიტორიკას, ლოგიკას, ფიზიკას, ფილოსოფიას, არითმეტიკას, ქართულ ენას ასწავლიდნენ. ხშირად იმართებოდა საჯარო დისპუტები სამეცნიერო საკითხებზე. განსაკუთრებით გავრცელებული ყოფილა „კითხვა-მიგების“ მეთოდი. თვით ერეკლე II ხშირად ეწვეოდა ხოლმე სემინარიას და წარჩინებულ მოსწავლეებს აჯილდოებდა.

სემინარიამ 1795 წლამდე, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამდე, იარსება. ამ დროს ეკლესია ძალიან დაზიანდა. იგი XIX საუკუნის დასაწყისში კვლავ აღადგინეს. 1814 წელს ტაძარი თავიდან მოუხატავთ. 70-იან წლებში ანჩისხატი ისევ შეაკეთეს. ამ დროს მას ყალბი გუმბათი დაადგეს და დასავლეთიდან მრავალსართულიანი სამრეკლო მიაშენეს.

ანჩისხატის ეკლესიას რესტავრაცია 1958-64 წლებში ჩაუტარდა (ხელმძღვანელი: რ. გვერდწითელი). უპირველეს ყოველისა ტაძარს მოაშორეს XIX საუკუნის გუმბათი და ტლანქი სამრეკლო. გვიანდელი გადაკეთებებისგან გასუფთავდა თვით ტაძარიც. გამოვლინდა მისი პირვანდელი იატაკი და XVII საუკუნის ფრესკების ფრაგმენტები. შენობას დაუბრუნდა ისეთი სახე, როგორიც დომენტი კათოლიკოსის დროს ჰქონდა.

ათას ხუთასი წლის ანჩისხატის ეკლესია დღესაც მოქმედია.


07:37



ნეკრესი

0 коммент.

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი

ნეკრესის ძველთაძველი ტაძარი ყვარელიდან დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით, ნეკრესის მთაზე მდებარეობს. ნეკრესი მდინარე ალაზნის მარცხენა მხარესაა. მისი შესანიშნავი ადგილმდებარეობა და თვითონ ტაძრის სილამაზე ბევრ მნახველს აოცებს.

ნეკრესი მეტად საინტერესო ნაგებობათა ანსამბლია, რომელიც ნაშთია ნეკრესად წოდებული უძველესი ქალაქისა, რომელიც ჩვენს წელთააღრიცხვამდეა დაარსებული. ლეონტი მროველის ცნობით მეფე ფარნაოზმა: „უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენება და ... იწყო შენებად კახეთს ქალაქს - ნელქარისსა, რომელ არს ნეკრესი“. მომდევნო საუკუნეებში ქართველ მეფეებს ბევრი რამ გაუკეთებიათ ქალაქ ნეკრესის ზრდისა და გამშვენებისთვის.

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი სხვადასხვა ნაგეობებისგან შედგება. ზოგი მათგანი IV-V საუკუნითაა დათარიღებული, ზოგიც VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება. ადრინდელი ეკლესიების რიცხვშია ნეკრესის მონასტრის მცირე ეკლესია. ეს უძველესი ტაძარი წარმოადგენს სრულებით თავისებურ შენობას, როგორც ფორმით, ისე ზომით. ის ბაზილიკური ტიპისაა. მისი შუა ნავი დაახლოებით 2-ჯერ მაღალია, ვიდრე განაპირა ნაწილები და ამასთანავე მეტად ვიწრო. ერთი შეხედვით გარედან იგი კოშკს მოგვაგონებს. ტაძარი გადახურულია გაუთლელი ქვის ფილებით. ტაძრის შიდა ფართობი 12 კვ. მეტრია. შესასვლელები გვერდითა ნავებიდან აქვს.

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ის ცნობით, ეს ეკლესია აშენებულია ბაკურის ძმის, მირიანის შვილიშვილის თრდატ მეფისა და საქართველოს მთავარეპისკოპოს იობის დროს, რომელიც წინათ დიაკვნად ყოფილა სომხეთის კათალიკოსის ნერსე I პართელთან (353-373). „და დაჯდა მეფედ ძმა მისი თრდატ და მთავარეპისკოპოსი იყო ნერსე: სომეხთა კათალიკოსისა დიაკონი იობ და მეფემან რუ სთვისა რუ გამოიღო და ეკლესიისა საფუძველი დადვა და მისზევე ნეკრესს კახეთისასა ეკლესია აღიშენა განსრულებით“.

მეორე მნიშვნელოვანი ნაგებობა - მთავარი ტაძარი დათარიღებულია VI ს-ით, რომელიც წმიდა აბიბოს ნეკრესელმა ააშენა და აქვე საეპისკოპოსო კათედრაც დააარსა. ეს ტაძარიც ბაზილიკური ტიპისაა. აქვს მომცრო სარკმელები. სამხრეთ მინაშენში სასულიერო პირთა საფლავებია, ხოლო მის გვედრით, სამხრეთის მხარეს აშენებულია ორსართულიანი შენობა, რომლის პირველ სართულზე მარანია (ის დღესაც უამრავი ქვევრებია შემორჩენილი), ხოლო მეორე სართულზე სენაკები. ამ შენობის წინ, დასავლეთის მხარეს არის სამრეკლო, რომელიც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე მიდგმულია სატრაპეზო.

ტაძრის მოხატულობა ძალიან დაზიანებულია. წარწერების დიდი ნაწილიც განადგურებულია. საკურთხეველში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი. მის ზემოთ მაცხოვრის ფრესკაა. სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში, წმიდა თევდორესა და წმიდა დიმიტრის გვერდით გამოსახულია სამი საერო პირი: ლევან მეფე და მისი სახლობა (ლეონ კახთა მეფემ განაახლა და მოახატვინა ნეკრესის ტაძარი). დასავლეთ კედელზე ზემო ნაწილში არის მიძინების კომპოზიცია ხოლო მის ზემოთ, როგორც ვარაუდობენ, იოანე დამასკელის ფრესკა. ხოლო ჩრდილოეთის კედელზე გამოსახულია სხვადასხვა წმინდანები და დღესასწაულები.

ნეკრესის მესამე ტაძარი გუმბათიანი ეკლესიაა, რომელსაც VIII-IX საუკუნეს მიაკუთვნებენ. ტაძარი აგებულია მაღალი არქიტექტურული გემოვნებით და გამოირჩევა ფორმების თავისებურებით. ეკლესიის სამრეკლო, როგორც ჩანს, სათვალთვალო კოშკადაც გამოიყენებოდა. ის რამდენიმე სართულიანია და ირგვლივ სათოფურები აქვს ამოჭრილი.

ნეკრესის მონასტერი ოდითგანვე კულტურულ-საგანმანათლებლო კერად ითვლებოდა. აქ მოღვაწეობდნენ: ნიკოლოზ ნეკრესელი ეპისკოპოსი, დოსითეოზ ჩერქეზიშვილი (ნაკრესელი), მიტროპოლიტი იოანე ნეკრესელი - გივი ჯორჯაძის ძე. ეს უკანასკნელი გარეჯშიც ეწეოდა საგანმანათლობლო მოღვაწეობას და ზრუნავდა ხელნაწერთა გამრავლებაზე. მისი თაოსნობით დაიწერა წიგნები: „ღვთისმეტყველის ცხოვრება“ (1846), დიალოღონი (1848), რომლებიც მან ლასვრას შესწირა. ნეკრესის შემდეგ მას ცოტა ხნით ბოდბეშიც უმოღვაწია.

ეპისკოპოსი დოსითეოზ ჩერქეზიშვილი ნეკრესის ეპარქიას XVIII ს-ის II ნახევარში განაგბდა. დაბადებით კოჭლი იყო. შესანიშნავად თარგმნიდა სომხურიდან ქართულად. იყოს ანტონ კათალიკოზის სკოლის წარმომადგენელი. 1758 წელს დოსითეოზ ნეკრესელმა აკურთხა თელავის საფილოსოფოსო სკოლა და თვითონაც პირველ მსმენელად ჩაირიცხა. შემდეგ კი დოსითეოზმა თავის საკუთარ ეპარქიაშიც დააარსა პირველი დაწყებითი სკოლა სამწყსოსთვის, რამაც ძალიან გაახარა ერეკლე მეორე.

1794-1812 წლებში ნეკრესის სამიტროპოლიტო კათედრას ამბროსი მიქაძე (ნეკრესელი) განაგებდა, რომელიც ცნობილი იყო როგორც დიდი მქადაგებელი და თავდადებული მამულიშვილი.

დღეს ნეკრესის ეპარქიის მმართველია მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი).


07:35



მოწამეთა

0 коммент.

მოწამეთა

ქუთაისიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, აღმოსავლეთით მდინარე წყალწითელას თვალწარმტაც ხეობაში, სოფელ მოწამეთაში მდებარეობს მოწამეთის მონასტერი. აქ მოხვედრა შეიძლება როგორც რკინიგზით, ისე სამანქანო გზით.

1958 წელს ქუთაის-ტყიბულის გზატკეცილიდან მონასტრამდე სამი კმ-ის სიგრძის სამანქანო გზა მოიყვანეს. იგი გვერდით ჩაუვლის სოფელს, გადაჭრის რკინიგზის ლიანდაგს და დასავლეთიდან მიადგება მდინარე წყალწითელას ხეობაში ღრმად შეჭრილ ციცაბო კლდოვან მაღლობს, სადაც მოწამეთის მონასტერი მდებარეობს.

მოწამეთის მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, საქართველოს ძველი ისტორიის ბრწყინვალე მღაღადებელი, თავის წარმტაცი ხატოვანი ბუნებით წარუშლელ შთაბეჭდილებას რომ ტოვებს მნახველზე. გალავნით შემორტყმული კლდოვანტყიანი მთის დაკავებულ ადგილზეა გაშენებული, ბუნება აქ ღარიბი არაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე. როცა მწვანე სამოსში გაეხვევა ირგვლივ მდებარე მთა-გორები, მაგრამ მაინც პირქუში იერი აქვს. სამი მხრივ ამ ადგილს მდ. წყალწითელა უვლის გვერდს. წყალწითელას ხეობა, სადაც მონასტერი მდებარეობს, ერთ-ერთ დაწინაურებულ მხარეს წარმოადგენდა და იგი უდიდეს როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამას ადასტურებს აღნიშნული ხეობის ძეგლები, რომელთა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მოწამეთის ხუროთმოძღვრულ კომპლექსს.

მოწამეთის შესახებ ერთ-ერთი ადრეული ცნობა დაცულია წმინდანთა ცხოვრებაში: „ადგილსაი მას, რომელსა ჰქვიან წყალწითელი, რამეთუ იყო ადგილი იგი ციხე-ქალაქ და ერ მრავალ“. მართლაც სტრატეგიული თვალსაზრისით „წყალწითელი“ უაღრესად მოხერხებული ადგილია. იგი მდინარის მიერ შექმნილი ნახევარკუნძულია და ყოველი მხრიდან ციცაბო კლდეებითაა დაცული. სწორედ ამიტომაც ეს ციხე საშუალო საუკუნეებში მეტად მნიშვნელოვან სამხედრო – სტრატეგიულ პუნქტად გვევლინება.

მე-18 ს. დიდი ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი კი მურვანის ლაშქრობის ამბავს ასე გადმოგვცემს: „შემდგომად გამეფდა ძე-სტეფანოზისა მისი. ამის მეფობის მეოთხე წელსა... მოვიდა მურვან ყრუ, დისწული მაჰმადისა სპითა უამრავითა, ვერვინ წინაღუგდა, შემუსრა სომხეთი, ქართული, რანი და ყოველი კავკასია, ხოლო სცნა რა მეფისა ეგრისს ყოფნა შავიდა არგუეთს და მუნ ეწყუნენ მენებურნი მთავარნი დავით და კონსტანტინე და მოსწყიდნენ სპათა მისნი მრავალგზის“.

მოწამეთის მონასტრის წინამძღვარი
2007 წლამდე, აწ გარდაცვლილი
არქიმანდრიტი თორნიკე (მოსეშვილი)

მტერმა მოაოხრა არგვეთის სამთავრო და ბუნებრივია, ვერც ციხე სიმაგრე „წყალწითელი“ გადაურჩა მათ რიცხვს. წმინდანთა ცხოვრებაში ვკითხულობთ: „რამეთუ ყრუსა მურვანსა გამოეღო ეოხა და დაეწვა“. დიდი წინააღმდეგობა გაუწია არგვეთის მთავრებმა. „აღიზახა ვითარცა ლომმან, და აოტნეს და განაბნინეს იგინი და ურიცხვი მოსრნეს“. მაგრამ აღესრულა მურვან-ყრუს ბრძანება და დავით და კონსტანტინე შეიპყრეს.

„ვინ ხართ თქვენი, ქვათა და ძელთა მსახურნო, რომ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა გაგიბედიათ? იქნებ არც გაგიგიათ, რომ მე დიდი ალლაჰის მოციქულის, მუჰამედის დისწული ვარ, იმ მუჰამედისა, რომელსაც ჰმონებს სრულიად არაბეთი და სპარსეთი“. და მაშინვე უპასუხა დავითმა: „ეგ შენი ქადილი ცუდი და ამაოა, რაც შეეხება დედაშენის ძმას მუჰამედს, ეგ სიქადულიც ფუჭი და უქმია, რამეთა ის მუჰამედია მაცდური და დამღუპველი მთელი თქვენი მოდგმის“.

დიდხანს სცემდნენ გახელებით და გამეტებით ხოლო ისინი იწვნენ მდუმარედ და უდტვრინელად ღებულობდნენ ყოველ დარტყმას. მურვან ყრუმ უთხრა: „დაუტოვე ქრისტეს ჯვარი, იგი ხომ შეშაა და სხვა არაფერი, მიიღე სჯული მუჰამედისა და იქნები ჩემი ჯარების უფროსი“. უპასუხა დავითმა: - „ნათელი დაუტევოთ და ბნელს შეუდგეთ? ჩვენ ღმერთმა მოგვიწოდა ნათელისაკენ, მზად ვართ ქრისტეს სახელისთვის ყოველსავე ტანჯვასა, ცეცხლსა, წყალსა, მახვილსა და სიკვდილსა“.

„ჩვენ ყურანში წერია, რომ ქრისტე მარიამის ძე კაცად შობილი და იძახდა ღვთის ძე ვარო, ამიტომ შეიპყრეს და ძელზე გააკრეს, ხოლო მუჰამედმა სპარსნი და არაბნი მოაქცია და ჭეშმარიტ ღმერთს შეაწყნარა“. ამაზე დავითმა მწარედ გაიღიმა და თქვა იქ წერია: - „სახერებიდან ისწავლეთო, გარნა თქვენ უგულისხმონი ხართ, ამიტომ არც წიგნი იცით არც ღვთის ძალა“.

ახლა კონსტანტინეს მიუბრუნდა არაბთა სარდალი „შენ რას იტყვი ყმაო“. კონსტანტინემაც დასძრა „ხმაი დამამხობელი“. „არც მე ვემორჩილები შენ ბრძანებას იმასვე ვიწამებ და ვაღიარებ, რაც ჩემმა ძმამ დავითმა აღიარა“. ათი დღე აწამეს ძმები და ათი დღის შემდეგ კიდევ სცადეს მოლაპარაკება, მაშინ უკანასკნელად დასძრა ენა დავითმა: - „ვიტყვი მხოლოდ იმას რაც თავში ვთქვი, მზად ვართ ქრისტესა და სარწმუნოების გულისთვის, თავი მივცეთ შიმშილს, წყურვილს, ცეცხლსა და წყალს, მახვილსა და ხმალს, ხოლო საბოძვარი არის საძულველ და საძაგელ წინაშე თვალთა ჩვენთა“. ორივე გააშიშვლეს და ხეზე დაჰკიდეს, მძიმე ხელკეტებით სცემეს, შემდეგ ჩამოხსნეს, ქედზე ლოდები დააკრეს და მდინარეში გადაყარეს.

„ხოლო იქმნა მას ღამესა სასწაული, საშინელი და სასმენად საზარელი, უჩვეულო იყო ცაც, წყალიც, ხმელიც მაღლობიც და დაბლობიც. მთვარეც სრულქმნილი, მთვარეც მიარღვევდა ღრუბელთა უსქესს კრედსამბელს“. სამსვეტოვან შიქ-ჭავლად დაადგა ძმებს მთვარის შუქი ბრწყინავდნე „ვითარცა მთიები განთიადისადმი“. წყლიდან ამოასვენეს მარტვილნი, წყალწითელის ხევში ღრმად ჩაჭრილ კლდოვან ყელს ჩაუდგა პროცესია, აქ ადრე ხარების სახელობის ეკლესია იდგა. ნაეკლესიარში ძველთაძველი აკლდამა იყო, ამ აკლდამაში დაასვენეს მოწამენი, ამ ადგილას მოწამეთა ეწოდა.

XI საუკუნეში ბაგრატ III ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული გმირები.

როგორი სახე უნდა ჰქონოდა ეკლესიას თავდაპირველად, რასაკვირველია, ძნელი სათქმელია, მაგრამ ეკლესია შიგნით მცირე ფართობისა იქნებოდა. საკურთხეველი მოთავსებული იყო და არის ჩრდილოეთის მხარეს. ეკლესიას გუმბათი არ ჰქონდა. მე-19 საუკუნეში ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 1844-45 წლებში ლევან, მოსე და ფილიპე ბერეკაშვილებმა შეაკეთეს და გააფართოეს მოწამეთის ეკლესია იმერეთის ეპისკოპოსის დავით წერეთლის ხელმძღვანელობით. სამუშაოები მთლიანად დასრულდა 1865 წელს. დასრულდა იგი ხარების ეკლესიის შიგნით კანკელის გადაკეთებით. 1922-24 წლებში ჩვენში დაიხურა ეკლესია-მონასტრები, დაინგრა არქიტექტურის ძეგლები, დაიწვა უნიკალური წიგნები, დაიღუპა ჭედური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები და სხვა.

ტაძრის კანკელი

მოწამეთის ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა 1954 წელს, რაზედაც მიუთითებს დასავლეთის მოსაცდელში დაცული წარწერა. მასში მოხსენიებულია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი, ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი ნაომი „შავიანიძე“, მღვდელი სულაკაძე, რომელთა მეოხებით აღდგენილი იქნა წირვა-ლოცვა. ამ დროს გადაასვენეს დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ქუთაისის მუზეუმიდან მათს სამკვიდრებელში – მოწამეთის მონასტერში.

მოწამეთის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა, ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია. გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტს, ორი საკურთხევლის შვერილია, ეკლესიას აქვს ორი კარი, დასავლეთის და სამხრეთის. საკურთხეველი ჩრდილოეთ მხარეს აქვს, რაც მეტად საინტერესოა. შეიძლება ეს განაპირობა იმან, რომ ყველაზე საპატიოადგილს აღმოსავლეთის მხარეს დაკრძალული იქნენ წმინდა მოწამე დავით და კონსტანტინე, ამიტომაც საკურთხეველი ხუროთმოძღვარმა გადაიტანა ჩრდილოეთით.

საკურთხეველი გადატიხრულია XIX საუკუნის ხის კანკელით, რომელზედაც წარმოდგენილია სიუჟეტები სახარებიდან და წმინდანთა ცხოვრებიდან. საკურთხევლის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილზე ხის ორ მოჩუქურთმებულ ლომზე, დევს ხიდან დამზადებული ლუსკუმი, რომელშიც მოთავსებულია წმინდანების ნეშტი. ლუსკუმი დამზადებულია ვინმე სულთანოვიჩის სახსრებით, ქვემოთ დატოვებულია ადგილი, რომ მორწმუნეებმა ჩოქვით გაიარონ.

ეკლესიის სამხრეთით ორსართულიანი სამრეკლო, მასზე წარწერაა: რომ აგებულია იმერეთის მიტროპოლიტის დავითის განკარგულებით 1845 წელს. იქვეა ეკლესიის მსახურთა საცხოვრებლები. დასავლეთით გრძელი მოსაცდელი, აგებულია ძველ ნაეკლესიარზე, მოსაცდელზე 1960 წელს წინამძღვრის სახლი დაუშენებიათ. ეზოში დაკრძალულნი არიან XIX-XX საუკუნეების მსახურნი ამ მონასტრისა.

მოწამეთის მონასტერი საყურადღებო ძეგლია, როგორც ისტორიული ისე საკულტო დანიშნულებით. მას საპატიო ადგილი უჭირავს ქართველი ერის კულტურის საგანძურში.


07:34



Следующие Предыдущие Главная страница
Подписаться на: Сообщения (Atom)

    სურათი

    სურათი
    „საქართველოა
    რა საქართველო?
    უსვეტიცხოვლო,
    უგელათო,
    უალავერდო“.

    სურათი

    სურათი

    მოგწონთ ჩემი ბლოგი?

    საათი

    მთვლელი


    visitor counter

    Blog Archive

    • ▼  2010 (25)
      • ▼  июня (25)
        • სიონი
        • მამადავითი
        • მეტეხი
        • ქაშვეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი აშენების...
        • შიომღვიმე
        • საფარის სამონასტრო კომპლექსი
        • ბუკნარის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია ბუკ...
        • სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი ჯიხეთის დედათა მ...
        • სამება
        • ანჩისხატი
        • ნეკრესი
        • მოწამეთა
        • ერთაწმინდა
        • გერგეტი
        • ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი მო...
        • ბეთანიის მონასტერი თბილისის სამხრეთ დასავლეთით, ...
        • დავით გარეჯი
        • ვარძიის სამონასტრო კომპლექსი
        • მარტვილის მონასტერი
        • ჯვრის მონასტერი
        • სვეტიცხოველი
        • ტაო-კლარჯეთი
        • ატენის სიონი
        • ალავერდი
        • ბიბლია

Copyright © All Rights Reserved. საქართველოს ეკლესია-მონასტრები | Converted into Blogger Templates by Theme Craft